ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პოლიციელებმა სააკაშვილის “სამალავი ბინის“ კარი გასაღებით გააღეს

2 ოქტომბერი, 2021 • 1389
ღარიბაშვილი: პოლიციელებმა სააკაშვილის “სამალავი ბინის“ კარი გასაღებით გააღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბინა, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა გასაღებით გააღეს.

ღარიბაშვილს დღეს ჰკითხეს, თუ მიხეილ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, რატომ არ დააკავეს მანამდე და მეტყველებს თუა რა ეს სისტემის ჩამოშლაზე.

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს“, – ასე უპასუხა მან აღნიშნულ კითხვას.

დამატებით კითხვებზე ის ამბობს – „იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ და ასევე დასძენს, რომ პოლიციამ ის მომენტი შეარჩია, როდესაც ბინაში სააკაშვილი მარტო იყო. დამატებით დეტალებზე კი თქვა, რომ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური გააკეთებდა, თავად – არა.


მიხეილ სააკაშვილმა გუშინ 1 ოქტომბერს ფეიბუსკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

ენმ-ის წევრების ცნობით, სააკაშვილმაა კარი თავად გააღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი