ახალი ამბები

კუჭავას მიერ “ოცნების” პირბადით ხმის მიცემის გამო საიამ საჩივარი დაწერა

2 ოქტომბერი, 2021 • 1618
კუჭავას მიერ “ოცნების” პირბადით ხმის მიცემის გამო საიამ საჩივარი დაწერა

პარლამენტის თავმჯომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის გამო ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა. ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

“მედიით გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა და ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ კენჭისყრის შენობაში ის იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით წარვადგინეთ საჩივარი. აქ კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ჩვენ საჩივარი ელექტრონული რეესტრის საშუალებით გავაგზავნეთ, თუმცა არასამუშაო საათებში ელექტრონული რეესტრის საშუალებით საჩივარი ვერ წარვადგინეთ შესაბამის საოლქო კომისიაში იმიტომ, რომ სამუშაო საათებში იღებდა ეს ვებგვერდი ამ ინფორმაციას. ჩვენ შემდგომ გვქონდა ცესკოსთან კომუნიკაცია და ეს ხარვეზი გასწორდა. თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ფაქტიც აღვნიშნოთ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ცესკოც და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. მათივე თქმით, კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

გარდა ამისა, საიას  მონაცემებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

6 შემთხვევასთან დაკავშირებით სიაამ 8 საჩივარი მოამზადა:

  • პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების” სიმბოლიკა;
  • ახალქალაქის N40 და ქუთაისის  N90 უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს;
  • მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მოუწოდა  ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, რაზეც მან უარი განაცხადა.
  • გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას მოცემული ბიულეტენების ბათილობას;
  • N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მარკირება გაუკეთეს .

მათივე განცხადებით, საიასთვის ცნობილი გახდა ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები, როგორც უბნის შიგნით, ასევე პერიმეტრზე. როგორც სიაა ამბობს, რამდენიმე უბანზე მეორდება შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს.

საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვის და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციაო მასალის ჩამოხსნის მიზნით.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემთხვევები, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა. კერძოდ: უბნის არასათანადო მოწყობა, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, ტექნიკური ხარვეზები ელექტრონული ხმის მიცემის დროს, ტექნიკური შეცდომა საკონტროლო ფურცლის შევსებისა და ყუთში მოთავსებისას, არაორგანიზებული გარემო საარჩევნო უბანზე, კომისიის საქმიანობაში ჩარევა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

ფოტო: ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი