საზოგადოება

„ეს ქალები ქვეყნის ყველაზე უშიშარი ჯარისკაცები არიან“ – ცხოვრება მავთულხლართებით გაყოფილ სოფელში

12 ივნისი, 2024 •
„ეს ქალები ქვეყნის ყველაზე უშიშარი ჯარისკაცები არიან“ – ცხოვრება მავთულხლართებით გაყოფილ სოფელში

38 წლის ლანდა ბირთველიშვილი ატოციდანაა. ეს სოფელი ქარელში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ადგილობრივებს ხშირად იტაცებენ. უსაფრთხოების გარდა აქ მცხოვრებ ქალებს არაერთი პრობლემა აქვთ. ამ სტატიიდან გაიგებთ, თუ როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან, რისი გადატანა უწევთ ყოველდღიურად და ვინ რას აკეთებს მათი ცხოვრების შესამსუბუქებლად.

ლანდა ბირთველიშვილი გვიყვება, რომ სოფელი მოსახლეობისგან დაცლილია, რადგან ადგილზე არც დასაქმების საშუალებაა და არც ინფრასტრუქტურაა გამართული:

„ძირითადი პრობლემა დასაქმებაა. მით უმეტეს, ქალების დასაქმება ძალიან ჭირს, კაცი შეიძლება მუშად წავიდეს, ქალი ამას ვერ გააკეთებს. ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს: ფრინველი, ცხოველი და ასევე, სათბურები აქვთ გაკეთებული, რომელიც უცხოური გრანტებით დაფინანსდა“.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა თავის გატანისა და შემოსავლის ძირითადი საშუალებაა, თუმცა მოსახლეობას არათუ ნაკვეთების სარწყავი წყალი, ხშირად სასმელი წყალიც არ მიეწოდება. მავთულხლართების გავლების გამო შემცირდა საძოვრებიც:

„როცა მავთულხლართები გაივლო, საძოვრების ნაწილი იქით მოხვდა. ამის გამო ზოგმა საქონელიც გაყიდა და შემოსავლის წყარო დაკარგა. საქონელი საოკუპაციო ხაზს იქეთ გადადის, რის გამო მეპატრონესაც უწევს იქით გადასვლა და ხშირია მათი დაკავების ფაქტები“, – ამბობს ლანდა.

„ერთად ქალთა უფლებებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გორში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ქალი და განვითარება“ განახორციელა ოკუპაციის მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად.

ორგანიზაციის დირექტორის, ფატი ბუხრიკიძის თქმით, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია:

„ისინი უძღვებიან შინამეურნეობას, ზრდიან ბავშვებს და ა.შ. ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ყველაზე მაგარი და უშიშარი ჯარისკაცები. ამ ქალებმა რომ სოფლები დატოვონ, აქ დასაცავი არაფერი იქნება. აქ ცხოვრებით უნარჩუნებენ საქართველოს ამ მიწა-წყალს”, – აღნიშნავს ფატი ბუხრიკიძე.

ფატი ბუხრიკიძე

ქალების გასაძლიერებლად და საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის ასამაღლებლად პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა:

„ჩვენ გოგოებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების შესახებ, რომლითაც საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ქალებმა გაიგეს, რომ არ არიან მარტო და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს შეუძლია მათი დაცვა. 

ახლა მათ იციან, როგორ შეიძლება გავლენის მოხდენა კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოთა მთავრობებსა და საერთაშორისო აქტორების გადაწყვეტილებებზე” ,- ამბობს ორგანიზაციის დირექტორი.

 

ლანდა ბირთველიშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია:

„ჩვენ გავიგეთ, რა უფლებები გვაქვს, რა მექანიზმები არსებობს, როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა სიტუაციაში და ვის შეიძლება მივმართოთ. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ გაეროსთვის მიმართვა შემიძლია, რომელსაც კონფლიქტში ჩართულ მხარეებზე ზეგავლენის ბერკეტები აქვს. 

მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივებში ინფორმაციული ვაკუუმია, ადამიანებს არ აქვთ ცოდნა საკუთარ უფლებებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ“. 

ფატი ბუხრიკიძის თქმით, ადგილობრივების დასახმარებლად ამ პროექტის გარდა სხვა არაერთიც ჰქონიათ, თუმცა ახლა რუსული კანონის გამო შეიძლება უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადონ:

„ბევრი სასიკეთო საქმე გვაქვს გაკეთებული და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ შეიძლება აგენტებად და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად შეგვრაცხონ და სტიგმატიზირებული უნდა ვიყოთ“. 


მასალების გადაბეჭდვის წესი