ახალი ამბები

ოპოზიცია იგებს და პროტესტის წინასწარ დაანონსება არაა საჭირო – ლელო

1 ოქტომბერი, 2021 • 942
ოპოზიცია იგებს და პროტესტის წინასწარ დაანონსება არაა საჭირო – ლელო

“ლელოს” ლიდერები აცხადებენ, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დემონსტრაციებს არ გეგმავენ, რადგან ოპოზიცია არჩევნებს იგებს. ამის შესახებ მათ დღეს, პირველ ოქტომბერს, ისაუბრეს.

“რაც შეეხება დემონსტრაციებს, არანაირი დემონსტრაციები არ იგეგმება. ჩვენ ვგეგმავთ, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, დავიცვათ თითოეული ხმა. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს გამოტანილი აქვს ვერდიქტი, რაც გაფორმდება “ქართული ოცნების” მწარე მარცხში. დღეს არის მშვიდი გარემო და ხვალაც სწორედ ასეთი გარემო უნდა შევინარჩუნოთ  და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ხვალ იმას, რომ ასე ყოფნა აღარ შეიძლება და ჩვენ დავემორჩილებით ქართველი ხალხის ნებას. ყველა უნდა დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის, პირველ რიგში, “ქართული ოცნება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ “ლელო” არ შეუერთდება 3 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ შეკრებას. თუმცა ხაზს უსვამს, რომ თუ დარღვევები დაფიქსირდება, “ლელო” იქნება პირველი, ვინც ამას კანონის ფარგლებში გააპროტესტებს.

“ლელო” იყო შარშან პირველი, რომელმაც პირველ ნოემბერს გამოაცხადა ბოიკოტი და პროტესტი გაყალბებულ არჩევნებზე, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჩაატარა. ამიტომ ვინმეს კი არ შევუერთდებით, ალბათ, ვერავინ ვერ დაგვასწრებს იმის გაპროტესტებას, თუ მსგავსი რამ განმეორდა. მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება[…]

მიხეილ სააკაშვილს არაერთი მოწოდება გაუკეთებია სხვადასხვა ადგილიდან. ჩემთვის ესეც ერთ-ერთი რიგითი მოწოდებაა. ჩვენთვის, “ლელოსთვის”, მნიშვნელოვანია ხვალ მშვიდად ჩატარება არჩევნების, დაცვა ჩვენი ხმების. თუ ჩვენ, ამომრჩეველს, ისევე, როგორც შარშან, წაგვართვეს ჩვენი ხმები, არავის მოწოდება არ გვჭირდება, ჩვენ ვიქნებით ამ ხმის დამცველები ყველა კანონიერი მეთოდით, დემონსტრაცია იქნება ეს, პროტესტი, საერთაშორისო ზეწოლა და ა.შ.

ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმა და ასევე სხვა ამომრჩევლის ხმა. ეს იქნება ჩვენი გეგმა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, ასევე, სხვა პარტიებს ჰყავს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გაყალბება არ იყოს. ოპოზიცია იგებს და როცა იგებ, წინასწარ დაანონსება რაღაც პროტესტების არ არის საჭირო. ახლა მთავარია, ჩვენ ადამიანებს ვუთხრათ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ეს მოგება გააფორმონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას დავიცავთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, 3 ოქტომბერს დილიდან თბილისისკენ კოლონებით დაიძრან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოლონები მრავალრიცხოვანი იყოს, რადგან მისი შეჩერება ხელისუფლებამ ვერ შეძლოს. მისი თქმით, აქციის მიზანი არჩევნების შედეგების დაცვაა.

3 ოქტომბერს დილიდან კოლონებით დავიძრათ, რათა ჩემი შეჩერება ვერ შეძლონ – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი