ახალი ამბები

მდინარაძე: სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

1 ოქტომბერი, 2021 • 1318
მდინარაძე: სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ საკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და ის საქართველოში არ იმყოფება.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომლის მიხედვითაც ის ბათუმში იმყოფებოდა, ვიდეომანიპულაციის შედეგია:

“ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება ახლა, სადღაც შემძვრალია და იქიდან მეორე თუ მესამე ტელეფონით რაღაცებს გეგმავს. უტყუარი ინფორმაცია არსებობს, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის და ხვდებით, ალბათ, ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია.

შარშან, ალბათ, გახსოვთ, ირაკლი კობახიძემ ამ ადგილიდან გააკეთა პრევენციული ბრიფინგი, მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამან უზრუნველყო, რომ დიფფეიკი არ გაავრცელეს. მაშინ სხვა, ძლიან ბინძურ დიფფეიკზე იყო საუბარი. შარშან არ გააკეთეს და წელს, როგორც ჩანს, გამოიყენეს ეს მეთოდი. ამას ტექნიკოსები გაარკვევენ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი არ გასულა არსად უკრაინიდან”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი