ახალი ამბები

სახეზეა „ფორმულას“ დახურვის განზრახვა – კეზერაშვილი

30 სექტემბერი, 2021 • 1070
სახეზეა „ფორმულას“ დახურვის განზრახვა – კეზერაშვილი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ ახალი სასამართლო სარჩელი ხელისუფლების მხრიდან „ფორმულას“ დახურვის მცდელობაა.

საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ დაწყებულ დავაზე, რომლითაც უწყება ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

“ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის “სასამართლო ტროიკას” დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და “უზენაესში” გამტყუნება.

ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ ტვ ფორმულაში ჩემი წილის დაყადაღებას!

რა ინფორმაციაც გვაქვს – სახეზეა ტვ ფორმულას დახურვის განზრახვა! მთელი ჩანაფიქრი ნათელია – არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე “სამართლებრივი” შტურმის! დამოუკიდებელი მედიის სადისკრედიტაციო კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც!“, – წერს კეზერაშვილი.

წერილში, რომელსაც თავად ტელეკომპანია ავრცელებს კეზერაშვილი ახალ სარჩელს უკავშირებს „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს, რომელიც 2 ოქტომბერს 20:00 საათზე უნდა გამოქვეყნდეს. კეზერაშვილი ასევე ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედია მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და ხალხი არ დაუშვებს რუსულ სივრცეში ქვეყნის საბოლოოდ ჩაძირვას.

„ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი, თავისუფალი ჟურნალისტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასე რომ ,ივანიშვილის მორიგი ავანტიურა მხოლოდ დამატებით ნიშანს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვართ და თავისუფალი სიტყვის დაცვასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არა აქვს! ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა “სამართლებრივი” გზა განწირულია!

დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!“, – წერს კეზერაშვილი.


დღეს, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

როგორც უწყებამ ნეტგაზეთთან დააზუსტა, სამინისტრო დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტელევიზიის წილის დაყადაღების მოთხოვნას არ გეგმავს.

“ფორმულა”: კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ეგზიტპოლებს უკავშირდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი