ახალი ამბები

“ფორმულა”: კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ეგზიტპოლებს უკავშირდება

30 სექტემბერი, 2021 • 880
“ფორმულა”: კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ეგზიტპოლებს უკავშირდება

ტელეკომპანია “ფორმულა” მათი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელს აფასებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად და აცხადებს, რომ ეს ეგზიტპოლებს უკავშირდება, რომელიც ფორმულას ეთერში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ უნდა გავიდეს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, მათ უკვე ჰქონდათ “ედისონ რისერჩთან” კომუნიკაცია და იმ შემთხვევაშიც, თუ “ფორმულას” დროებით მმართველს დაუნიშნავენ ან სხვა რაიმე დაბრკოლება შეიქმნება, ეგზიტპოლის შედეგები რომელიმე სხვა ქართული არხის ეთერში მაინც გავა.

გუმბრაიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა სხვა მედიების დამფუძნებლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე:

“ეს ფაქტი უკავშირდება ტელეკომპანია “ფორმულას” და არის ნაწილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიისა, რასაც ახორციელებს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში. როგორც ჩანს, ეს ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის. მინდა გაგახსენოთ ყველას, რომ ორშაბათს ფორმულას ეთერში გავიდა “ედისონ რისერჩის” წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული წესით მიეტანა ხელისუფლებას ახალი შეტევა ფორმულასა და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა “ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და რაც არ უნდა მოხდეს, ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში. ეს ყველაფერი, ეგზიტპოლის გარდა, არჩევნების შემდგომ სცენარების განვითარებას უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებისთვის მთავარ სამიზნეს კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება წარმოადგენს. ამის გარდა ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას საქმე, ბოლო კვირაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის წინააღმდეგ საქმე. ეს აჩენს ბუნებრივ ეჭვებს, რომ თუ არჩევნებზე არ დადგება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სამივე ამ კრიტიკული მედიის გაჩერებას, რისთვისაც გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს”, – აცხადებს ზუკა გუმბარიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება განიხილავს სცენარს, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ქვეყანა რუსეთისკენ და უარი თქვას დემოკრატიაზე. გუმბარიძე ჟურნალისტებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 2 დღეში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო კოალიციური მმართველობის მოდელზე გადავა, თუ ქვეყნის მართვას ერთი ადამიანი გააგრძელებს:

“მთავარია ერთი რამ, რომ მოსახლეობამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ჟურნალისტებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან 2 დღეში საქართველოს ელოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები რომელზეც უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი .ან იქნება მრავალფეროვნება, რომელშიც ერთმანეთს პოლიტიკური ძალები დააბალანსებენ, ან დავრჩებით ქვეყანაში, რომელშიც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და სადაც არ გექნებათ კრიტიკული მედიის მოსმენის შესაძლებლობა. ეს არის კიდევ ერთი მორიგი ბინძური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პირველ რიგში უკავშირებდა ეგზიტპოლებს” , – ამბობს გუმბარიძე.

“ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ამ ფორმით ხელისუფლება მათ ვერ შეაშინებს. მისი თქმით, ის, რაც ახლა “ფორმულასთან” დაკავშირებით ხდება, საქართველოში თითქმის ყველა ტელევიზიას აქვს გავლილი.

“რომ დავხედოთ აქ ყველა მიკროფონს, თითოეულზე შემიძლია მოვყვე, მსგავსი რომ ხდებოდა. არაფერი ახალი და ისეთი, რომ ვერ მიხვდეთ, არ ხდება — თითოეულზე: “მაესტროზე”, “პალიტრაზე”, “აჭარაზე”, “იმედზე”, “რუსთავი 2-ზე”, ახლა “ფორმულაზე”, “ტვ პირველზე”, “მთავარზე”, პირველ არხზეც. აბსოლუტურად გასაგებია, რაც ხდება, ეს არის კრიტიკული აზრის დარჩენილი ერთადერთი თავისუფალი სივრცის  მოშთობის[მცდელობა]. უკვე მთლიანად მათია სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი, ყველა ძალოვანი… NGO-ებს უტევენ და მედიას, ამაზე არის შეტევა და ახლა ეს არის მთავარი.

ყველას მინდა ესმოდეს, რომ ამ ტელევიზიაში მხოლოდ ფული არ არის. ინვესტირებულია თითოეული ჩვენი თანამშრომლის, 800-ზე მეტი ადაამიანი მუშაობს “ფორმულაში”, თითოუელი ჩვენგანის დრო, ენერგია, უსაფრთხოება. ვახო სანაიას ჯანმრთელობა და ნერვები არის აქ ინვესტირებული, რატი წვერავას, გიორგი კიკაბიძის… ჩვენი ოპერატორების, რომლებიც 5 და 6 ივლისს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლები არის ინვესტირებული, რომელიც მოაკლდებათ სადღაც ბოლოში. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ ჩაივლის. ყველამ იცოდეს, რომ თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ვინმეს ამ ფორმით შეაშინებენ, პირიქით, გაასმაგებული ენერგიით გადაგტეხავთ წელში ამ უსამართლობის სისტემას. იმედი მაქვს, რომ ზეგვე იქნება ეს ნათელი, რომ მმართველობის ეს რეჟიმი და მმართველობის ეს ტირანია დამთავრდება და დაიწყება რაღაც ახალი, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით. სამივე ტელევიზია რომ ხელში ჩაიგდოთ, “კავკასიის” იმ ერთ პატარა სტუდიაში შევალთ ყველანი და  იქიდან ამოგაყირავებთ”, – განაცხადა მშვილდაძემ.


დღეს, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

როგორც უწყებამ ნეტგაზეთთან დააზუსტა, სამინისტრო დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ჯერჯერობით თავდაცვის სასმინისტრო არ აზუსტებს, მოითხოვს თუ არა „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი