ახალი ამბები

პროგრესული გადასახადი არანაირ სარგებელს არ მოიტანს – ფინანსთა მინისტრი

27 სექტემბერი, 2021 •
პროგრესული გადასახადი არანაირ სარგებელს არ მოიტანს – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ პროგრესული გადასახადის შემოღება ამ ეტაპზე ქვეყანაში არანაირ სარგებელს არ მოიტანს.

„საქართველოს პროგრესული გადასახადი განვითარების ამ ეტაპზე არანაირ დამატებით, არსებით სარგებელს არ მოუტანს. გარდა ამისა, ეს დამატებით რისკებსა და გართულებულ ადმინისტრირების პროცესს შეიცავს“, – განაცხადა მინისტრმა 27 სექტემბერს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

რამდენიმე დღით ადრე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველოში მოქმედი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის არაპროპორციულად მაღალია.

სავალუტო ფონდი წერს, რომ საქართველოში მოქმედი „ბრტყელი“ საგადასახადო სისტემა და დაბალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრულად ხასიათდება, ამავე დროს არის „ძალიან ხისტი, რეგრესული და ხარვეზიანი“.

იქვე ნახსენებია საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომელიც, მართალია, ითვალისწინებს საგადასახადო განაკვეთების დროებით ცვლილებას, – მაქსიმუმ სამი წლით, – თუმცა ხელს უშლის ყოველგვარი ახალი სახელმწიფო გადასახადის შემოღებას ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდას (აქციზის გარდა) რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

სავალუტო ფონდის შეფასებით, „ეს რიგიდულობა ხელს უშლის უმაღლესი საგადასახადო განაკვეთების გაზრდის გზით შემოსავლების მობილიზებას, რაც დღევანდელ სისტემას უფრო პროგრესულს გახდიდა“.

პროგრესული გადასახადი, განსხვავებით წრფივი საგადასახადო პრინციპისგან, გულისხმობს არა ერთსა და იმავე საპროცენტო განაკვეთით დაბეგვრას, არამედ გადასახადის დიფერენციაციას შემოსავლების მიხედვით: ნაკლები შემოსავლის მქონეები ნაკლებად დაიბეგრებიან, მეტი შემოსავლის მქონენი კი – მეტად.

მინისტრმა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის კონტექსტი იყო „კრიზისის შემდგომ პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზოგადი პოზიციაა, რომ საშემოსავლო გადასახადი უფრო მეტად პროგრესული იყოს და განსხვავებული შემოსავლის მქონე პირები იბეგრებოდნენ სხვადასხვა განაკვეთით“.

თუმცა, ლაშა ხუციშვილის თქმითვე, მთავრობის პოზიციით, „პროგრესულ გადასახადზე საუბარი საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე ერთის მხრივ მართებული არ არის, ხოლო მეორე მხრივ რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“.

გირჩევთ ასევე:

IMF: 20%-იანი საშემოსავლო არაპროპორციულად მაღალია დაბალშემოსავლიანთათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი