ახალი ამბებიეკონომიკა

IMF: 20%-იანი საშემოსავლო არაპროპორციულად მაღალია დაბალშემოსავლიანთათვის

22 სექტემბერი, 2021 • 3462
IMF: 20%-იანი საშემოსავლო არაპროპორციულად მაღალია დაბალშემოსავლიანთათვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF-ი) აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის არაპროპორციულად მაღალია.

სავალუტო ფონდის შეფასებითვე, საქართველოს საგადასახადო სისტემა, რომელსაც ბიზნეს-მეგობრულად ახასიათებენ, რეგრესულია და მისი სიხისტე ხელს უშლის შემოსავლების მობილიზებას…

ახალი ანგარიში

IMF-ი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ 84-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს დამატებითი ფისკალური სივრცის შექმნის შესაძლებლობაზე შემოსავლების მობილიზების გზით და მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო სისტემას, რომელსაც ახასიათებს, როგორც „მარტივს“.

კერძოდ, სავალუტო ფონდი წერს, რომ საქართველოში მოქმედი „ბრტყელი“ საგადასახადო სისტემა და დაბალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრულად ხასიათდება, ამავე დროს არის „ძალიან ხისტი, რეგრესული და ხარვეზიანი“.

იქვე ნახსენებია საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომელიც, მართალია, ითვალისწინებს საგადასახადო განაკვეთების დროებით ცვლილებას, – მაქსიმუმ სამი წლით, – თუმცა ხელს უშლის ყოველგვარი ახალი სახელმწიფო გადასახადის შემოღებას ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდას (აქციზის გარდა) რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

სავალუტო ფონდის შეფასებით, „ეს რიგიდულობა ხელს უშლის უმაღლესი საგადასახადო განაკვეთების გაზრდის გზით შემოსავლების მობილიზებას, რაც დღევანდელ სისტემას უფრო პროგრესულს გახდიდა“.

პროგრესული გადასახადი, განსხვავებით წრფივი საგადასახადო პრინციპისგან, გულისხმობს არა ერთსა და იმავე საპროცენტო განაკვეთით დაბეგვრას, არამედ გადასახადის დიფერენციაციას შემოსავლების მიხედვით: ნაკლები შემოსავლის მქონეები ნაკლებად დაიბეგრებიან, მეტი შემოსავლის მქონენი კი – მეტად.

„20% მაღალია“

ამასთან, IMF-ის შეფასებით, საქართველოში პერსონალური საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი მაჩვენებელი არის „არაპროპორციულად მაღალი ტვირთი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის“.

ეს პრაქტიკა ყოველდღიურობაში ასე გამოიყურება: თუკი ადამიანის დარიცხული, ანუ დაუბეგრავი ხელფასი აქვს 1000 ლარის ოდენობით, ხელზე იღებს 800 ლარს;

დროებითი ცვლილებები

პანდემიის პირობებში, 2020 წლიდან, ქვეყანაში მოქმედებდა გარკვეული შეღავათები საშემოსავლო გადასახადზე მათთვის, ვისაც შედარებით დაბალი შემოსავლები ჰქონდა.

კერძოდ, 2020 წელს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში დაწესდა საგადასახადო შეღავათები იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამსახური/ხელფასი შეუნარჩუნდათ.

უფრო ზუსტად, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებულები და აღნიშნულ პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატებოდა თვეში 1500 ლარს.

მაგალითად, თუკი კონტრაქტით ხელფასი 1500 ლარი იყო, საშემოსავლო გადასახადი (ანუ 1500 ლარის 20%) 300 ლარი გამოდიოდა, ხელზე ასაღები თანხა კი – 1200 ლარი.

ცვლილების შემდეგ კი აღნიშნული 1500-დან მხოლოდ 750 ლარი თავისუფლდებოდა საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მხოლოდ დარჩენილი 750 ლარი იბეგრებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 750-ის 20% არის 150 ლარი, 1500 ლარიდან მხოლოდ 150 ლარი რჩებოდა სახელმწიფოს.

თუმცა, იმის ფონზე, რომ საშემოსავლოს ადმინისტრირებას არა ფიზიკური პირი, არამედ დამსაქმებელი ახდენს, შეღავათის მიზანი, მთავრობის თანახმად, იყო ის, რომ დამსაქმებლებს შემცირებოდათ ყოველთვიური ხარჯი და არა ფიზიკური პირებისთვის ხელფასის ამ გზით მატება.

აღნიშნული ცვლილებები უკვე აღარ არის ძალაში.

საპენსიო შენატანი

ქვეყნის კანონმდებლობაში 2018 წელს ასევე შევიდა ცვლილებები, რაც საგადასახადო განაკვეთის ოდენობას ირიბად დაუკავშირდა.

კერძოდ, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, 2018 წლიდან, სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული შემოსავლის 2-2%-ს იხდიან.

სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერები მიუთითებდნენ, რომ ამ რეფორმის შემოღებით, „ქართულმა ოცნებამ“ საშემოსავლო გადასახადი 22%-მდე გაზარდა, რაც კანონმდებლობით შეზღუდულია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაღებული 2% ითვლება ბიუჯეტში ყოველთვიურად გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან.

ამის მიუხედავად, შრომის ღირებულება გაიზარდა.

რა შეიძლება შეიცვალოს

ყველაფრის მიუხედავად, სავალუტო ფონდის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქმედი საგადასახადო სისტემის პირობებში საგადასახადო შემოსავლები გაიზარდოს.

ფონდის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2014-2016 წლებში, მაგრამ კიდევ არის შესაძლებელი დამატებითი ზომების მიღება საგადასახადო სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

IMF-ი ასევე წერს, რომ საგადასახადო ხარჯების გრძელი და მზარდი სია (მაგალითად, დღგ-სგან გათავისუფლება და საგადასახადო შეღავათები) შეიძლება გადაიხედოს.

ამავე კონტექსტშია ნახსენები მცირე ბიზნესისთვის (რომლის ბრუნვა 500 000 ლარზე ნაკლებია) დაწესებული შეღავათი, რომელიც, ნაცვლად 20%-ისა, იბეგრება 1%-იანი ბრუნვის გადასახადით.

ეს, სავალუტო ფონდის თანახმად, ქმნის სტიმულს, რომ ნაცვლად ფორმალური დასაქმებისა, მოხდეს ქვე-კონტრაქტორებად, „მეწარმეების“ სახით დარეგისტრირება.

ამასთან, IMF-ი მიუთითებს, რომ ქონების გადასახადის მარჟები, რომელიც 1%-ზე დაბალია, ეფუძნება მოქალაქეთა დამოუკიდებლად დეკლარირებულ ქონებას და უკავშირდება შინამეურნეობის შემოსავლებს და არა უშუალოდ ქონებას.

როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე გამოცემა BMG ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეზე დაყრდნობით წერს:

„ფინანსთა სამინისტრო გადასახადების ადმინისტრირების სისტემის შეფასებას აკეთებს, რაც IMF-ის წინა პროგრამითაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეფასების საფუძველზე შესაძლოა კონკრეტული საგადასახადო შეღავათები გაუქმდეს ან გარკვეულ სფეროებში დაბეგვრის პრაქტიკა შეიცვალოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი