ახალი ამბები

კახაძე სუს-ის მიყურადებას მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემის მოსმენას ადარებს

27 სექტემბერი, 2021 • 1782
კახაძე სუს-ის მიყურადებას მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემის მოსმენას ადარებს

“ქართული ოცნების” წევრი და პარალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლადო კახაძე სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ექიმის მიერ მუცლადმყოფი ბავშვის გულისცემის მოსმენას ადარებს და ამბობს, რომ სუს-ს ადამიანების მოსასმენად ნებართვა არ სჭირდება. ამის შესახებ კახაძემ ტელეკომპანია Georgian Times-ის ეთერში განაცხადა.

“კაცობრიობა ვცდილობთ ყოველთვის მოვუსმინოთ დედამიწის ქერქს, კრატერებს, ვულკანებს, კოსმოსს, რომ საფრთხე ავიცილოთ. უსაფრთხოება ნიშნავს საფრთხის აცილებას. მოვისმინოთ რას ნიშნავს… ახლა მე მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენჯერაც მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს მე უნდა მივეხმარო, არიქა ჰიპოქსია არ იყოს და წამალი მივცე…

…უსაფრთხოება ყველაფერში: განათლებაში, ჯანმრთელობაში, მედიცინაში, მასმედიაში, სივრცე უსაფრთხო უნდა იყოს. უსაფრთხოება ნიშნავს ათი ყური, ათი თვალი, შემეცნება, ტელევიზია… ოღონდ მიღებული მონაცემები არც პოპულარიზაციის, არც საზოგადოების, ინდივიდის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენო. მის დასაცავად უნდა გამოიყენო”, – განაცხადა კახაძემ.

მიმდინარე წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი