ახალი ამბები

ჰარცელი წუხს მელიასა და კობახიძის ინციდენტზე, თუმცა მიესალმება ერთ-ერთის ბოდიშს

24 სექტემბერი, 2021 • 1221
ჰარცელი წუხს მელიასა და კობახიძის ინციდენტზე, თუმცა მიესალმება ერთ-ერთის ბოდიშს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ჰარცელის თქმით, ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა, კერძოდ ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მიესალმება იმას, რომ ერთ – ერთმა მათგანმა (ირაკლი კობახიძე) საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ – ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა.

საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა”, – ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი