ახალი ამბები

გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი — წულუკიანი

24 სექტემბერი, 2021 • 1114
გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი — წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა მელიას “პროფესიონალ ხულიგანს” უწოდებს.

მინისტრის თქმით, აინტერესებს, როგორ შეაფასებს ევროკავშირი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეებს შორის 23 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს.

“ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია.

ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია “ქართულ ოცნებასთან”.

აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა”, — დასძინა წულუკიანმა.

რა მოხდა?

ზემოხსენებული ინციდენტი თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა. მელიამ და კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაიწიეს.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;

მელია კობახიძეს აკრიტიკებდა დმანისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ერთი პირი დაიჭრა.

პასუხად ირაკლი კობახიძემ მელიას აგინა, „ნაბი*ვარი“, „ხულიგანი“, და „უინტელექტო ნაძირალა“ უწოდა.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი ენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ.

როგორ აფასებენ მომხდარს “ოცნებასა” და ენმ-ში?

მელია აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ირაკლი კობახიძესთან მომხდარი დაპირისპირებით “ქართულმა ოცნებამ” პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი სახე აჩვენა.

“ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ.

მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს.”, — დასძინა მან.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ 23 სექტემბრის დაპირისპირებისას ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს “დედის გინება გამოსტყუა”.

“უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად თავის თავზე გამოსცადა რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ…” — თქვა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი