ახალი ამბები

როცა კრიმინალი გვიპირისპირდება, უნდა დავდგეთ სადარაჯოზე – მელია

23 სექტემბერი, 2021 • 892
როცა კრიმინალი გვიპირისპირდება, უნდა დავდგეთ სადარაჯოზე – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„2 ოქტომბრის შემდეგ დიახაც, შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა, მაგრამ როდესაც შენ, მშვიდობიან, რიგით ადამიანს, გიპირისპირდება კრიმინალი და მოძალადე, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსია, ლიდერობაზე თუ აქვს ვინმეს პრეტენზია, დიახაც, უნდა დადგეს მათ სადარაჯოზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ 23 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგზე.

„ვერასოდეს შევეგუები ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, იმ მძიმე რეალობას, რასაც დასავლური სივრციდან გავყავართ“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ „კედელთან მიმწყვეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნებს, მით უფრო ისტერიული ხდება, მაგრამ ამაოდ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა 2 ოქტომბერს ხმის მიცემისკენ და მობილიზებისკენ.

23 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

ინციდენტი დაახლობით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;

მელია კობახიძეს აკრიტიკებდა დმანისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ერთი პირი დაიჭრა.

პასუხად ირაკლი კობახიძემ მელიას აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და „ნაბი*ვარი“, „ხულიგანი“, „უინტელექტო ნაძირალა“ უწოდა.

პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე ფიზიკურადაც გაიწიეს. დაცვის წევრებმა კობახიძე ადგილს გაარიდეს – მან ავტომობილით დატოვა ტერიტორია. ნიკა მელიამ ოფისი დაახლოებით 3 საათში დატოვა, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ მობილიზებულმა მხარდამჭერებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი