ახალი ამბები | , ,

GDI “აიისას” საქმეზე მანანა კობახიძის აცილებას და დისციპლუნურ წარმოებას ითხოვს

22 სექტემბერი, 2021 | | 566
GDI “აიისას” საქმეზე მანანა კობახიძის აცილებას და დისციპლუნურ წარმოებას ითხოვს

“საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და საქმეზე — „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ — მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება, ასევე მის მიმართ დისციპლუნური წარმოების დაწყება მოითხოვა.

შუამდგომლობის საფუძველია 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული, სავარაუდოდ სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერები, რომელთა შორისა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი.

“ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან. სავარაუდოდ, გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა.

მანანა კობახიძემ, სავარაუდოდ, ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული ფაქტები კი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოსამართლის მიუკერძოებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს”, — ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ მოცემულ კონსტიტუციურ დავასთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რაც არ თავსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსთან და იგი უნდა ჩამოსცილდეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვას.

“ამავდროულად, საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ და დაადგინოს ხომ არ ჩაიდინა მანანა კობახიძემ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია”, — აცხადებს GDI.

სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ “აიისას” საქმის განხილვა დაიწყო, პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ დაურეკა მანანა კობახიძეს და აცნობა, რომ საპატრიარქო აკვირდება პროცესის მიმდინარეობას. თავის მხრივ, კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც ხსენებულ საქმეს იხილავს.

“მ. კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა, ეთიკის ნორმიდან გამომდინარე, საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარმოდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას.

მ.კობახიძემ გ.ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართოს სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პროტოპრესვიტერმა მ.კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა“, — წერია ერთ-ერთ დოკუმენტში.

ამ თემაზე:

ზვიადაძე კობახიძესთან “აიისას” საქმეზე საუბარს ადასტურებს, იურიდიულ კონსულტაციას — არა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი