ახალი ამბები

ზვიადაძე კობახიძესთან “აიისას” საქმეზე საუბარს ადასტურებს, იურიდიულ კონსულტაციას — არა

15 სექტემბერი, 2021 • 2217
ზვიადაძე კობახიძესთან “აიისას” საქმეზე საუბარს ადასტურებს, იურიდიულ კონსულტაციას — არა

საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან, მანანა კობახიძესთან მართლაც ჰქონდა საუბარი პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის, “აიისას” სარჩელთან დაკავშირებით, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კობახიძეს მისთვის იურიდიული კონსულტაცია არ გაუწევია.

საქმე ეხება მიმდინარე დღეებში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებს, რომლებშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ფიგურირებს ცნობებიც ზემოხსენებული საუბრის შესახებ პროტოპრესვიტერ ზვიადაძესა და მოსამართლე კობახიძეს შორის.

რას ეხებოდა “აიისას” საჩივარი?

“აიისა” პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, მისი დამფუძნებელი კი ანანია გაჩეჩილაძეა. 2017 წლის მიწურულს და 2018 წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა პრეზერვატივები რამდენიმე შეფუთვით, რომლებიც შემდგომ კამათისა და სასამართლო დავის საგნად იქცა.

საუბარია 4 დიზაინზე:

  • შეფუთვა თამარ მეფის გამოსახულებითა და წარწერით „სამეფო კარი თამარში“;
  • შეფუთვა წარწერით „ძლევაი საკვირველი“;
  • შეფუთვა, რომელზეც დატანილია წარწერა „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა…“(ნაწყვეტი პროექტ “პანდას” ვიდეოკლიპიდან);
  • შეფუთვა, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის ორი თითიც აწეულია და ზედ პრეზერვატივია ჩამოცმული.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კომპანია ამ დიზაინების გამო გააკრიტიკა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო იყო. გავრცელებულ განცხადებაში მან “ღვთის გმობის გამოვლინება” უწოდა “აიისას” ამ პროდუქციას.

2018 წლის 27 მარტს “ქართულმა იდეამ” თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა რეაგირებისთვის. მოძრაობის ლიდერი ამბობდა, რომ “აიისას” ზემოხსენებული დიზაინები შეურაცხყოფდა ქართველების რელიგიურ გრძნობებს.

საჩივრის საპასუხოდ,მერიამ ”აიისას” დამფუძნებელ ინდმეწარმეს — ანანია გაჩეჩილაძეს — არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა. ქალაქის მთავრობა კომპანიის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა, “აიისა” სამართალდამრღვევად ცნო, 500 ლარით დააჯარიმა და დაავალა, წარმოებიდან ამოეღო ზემოთ ნახსენები 4 სახის დიზაინი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია და რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე, ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

მოგვიანებით, “აიისაამ” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც მას თბილისის მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, სასამართლომ კი — დააჯარიმა. ამასთან, ანანია გაჩეჩილაძემ სტრასბურგში იჩივლა.

რას ეხებოდა ზვიადაძე-კობახიძის საუბარი გაჟონილი მასალების თანახმად?

სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ “აიისას” საქმის განხილვა დაიწყო, პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ დაურეკა მანანა კობახიძეს და აცნობა, რომ საპატრიარქო აკვირდება პროცესის მიმდინარეობას. თავის მხრივ, კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც ხსენებულ საქმეს იხილავს.

მასალების თანახმად, სასულიერო პირმა დაგმო “აიისას” ზოგიერთი შეფუთვის დიზაინი და მანანა კობახიძეს ჰკითხა რჩევა, როგორ შეეძლო ეკლესიას თავისი პოზიციის დაცვა.

“მ. კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა, ეთიკის ნორმიდან გამომდინარე, საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარმოდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას.

მ.კობახიძემ გ.ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართოს სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

პროტოპრესვიტერმა მ.კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა“, — წერია ერთ-ერთ დოკუმენტში.

ზვიადაძე საუბარს ადასტურებს, კონსულტაციას — არა

ზემოთ მოცემული ინფორმაციის გადამოწმება “ნეტგაზეთმა” სცადა როგორც პროტოპრესვიტერ ზვიადაძესთან, ისე მოსამართლე კობახიძესთან. ამ უკანასკნელმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რაც შეეხება ზვიადაძეს, მან დაადასტურა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მართლაც დაურეკა “აიისას” საქმესთან დაკავშირებით და თავისი “გულისტკივილი” გაუზიარა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის იურიდიულ კონსულტაციას მოსამართლის მხრიდან.

“არავითარი იურიდიული კონსულტაცია ქალბატონ მანანა კობახიძეს ჩემთვის არ გაუწევია. მე მასთან მქონდა საუბარი, ეს იყო გარკვეული შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მას იურიდიული კონსულტაცია ჩემთვის არ გაუწევია არანაირად და ეს საკითხი დარჩა ყოველგვარი განმარტების გარეშე მისი მხრიდან.

როგორც მახსოვს, მან თქვა, რომ არ აქვს უფლება, ისაუბროს ამ საკითხების შესახებ დეტალურად, იმიტომ, რომ ეს არ აღიქმება მიზანშეწონილად მისი მხრიდან. მან მითხრა, რომ ეს საკითხები ჩვეულებრივად განიხილება იმ რეგლამენტით, რაც განსაზღვრულია ასეთი საკითხების განხილვისთვის.

…ეს იყო მხოლოდ საუბარი, [მანანა კობახიძე არის] ჩემი მეგობარი და ამას ვადასტურებ, უდიდეს პატივს ვცემ. ის არის პიროვნება, რომელიც არის ძალიან პრინციპული და ძალიან კარგად აქვს გათავისებული თავისი მოვალეობა. ბუნებრივია, ის არასოდეს გადავა იმ საზღვარს, რა საზღვრებშიც არის დაშვებული მისი მოქმედება, მისი მოწოდებიდან გამომდინარე”, — დასძინა სასულიერო პირმა.

გიორგი ზვიადაძის თქმით, არ ახსოვს, როდის შედგა ეს საუბარი. მისი თქმით, კობახიძემ მხოლოდ ის უთხრა, რომ მიემართა იურისტისთვის, თუ უფრო მეტი დეტალის გარკვევა სურდა. კითხვას, მართლაც ურჩია თუ არა კობახიძემ, სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიემართა უწყებისთვის, პროტოპრესვიტერმა ასე უპასუხა:

“როგორც მე მახსოვს, მან თქვა, რომ მიმემართა ჩვეულებრივად იურისტისთვის, რომელიც უფრო მეტად გაგვარკვევდა ამ საკითხებში. სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ის ძალიან საზღვრებში იყო და როგორც მის ახლობელს და მეგობარს, მაშინ გამიკვირდა კიდეც ეს.

მაგრამ ახლა მესმის, რომ ის თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, არასოდეს იტყოდა იმას, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ეს იყო მხოლოდ ჩვენი მხრიდან გულისტკივილის გაზიარება იმ საკითხებზე, რასაც ეხება საუბარი. ქალბატონ მანანას არავითარი კონსულტაცია ჩვენთვის არ გაუწევია. ეს სიტყვები მითხრა თუ არა, ნამდვილად არ მახსოვს”.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, მართლა უთხრა თუ არა კობახიძემ ზვიადაძეს, რომ საპატრიარქოს პოზიციას პიროვნულად იზიარებს.

“არ ყოფილა ასეთი კომენტარი. მე არ მახსოვს. ქალბატონი მანანა არის ის პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით იცავს იმ მოვალეობებს და იცის ის პასუხისმგებლობები, რაც მას აკისრია. ამ მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მიღმა ის არასოდეს გავიდოდა. ეს ვიცი ძალიან მტკიცედ”, — გვიპასუხა სასულიერო პირმა.

გიორგი ზვიადაძე არ ფიქრობს, რომ ახლა შესაბამისი დროა ზემოხსენებული და სხვა მასალების გარჩევისთვის. მისი თქმით, საჭიროა გამოძიების დასრულდება.

“…როცა არ არის ავთენტურობა დადასტურებული, გამოძიება არ არის დასრულებული, ამ საკითხების განხილვა ახლა არ შეიძლება. საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს და ასეთი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით საჭიროა არაა მაშინ, როცა ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ობიექტურად შეისწავლის ამ ყველაფერს. გამოძიების შემდგომ შესაძლებლობა იქნება, საქმის არსიდან გამომდინარე ვისაუბროთ და არა ისე, ვის, ვისთვის, რისი გადაბრალება სურს”, — აღნიშნა მან.

გაჟონილი მასალები

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართლი ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი