ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ტიკარაძის ინფორმაციით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა.
“ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამირან გამყრელიძის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ… არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები და სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა. მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება. ეს უბრალოდ რეპუტაციულია მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერებით”, — განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, კომუნიკაციის საუკუნეში მსგავსი სიძულვილის ენა მიუღებელია და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ადეკვატური დიალოგის გამართვა.
ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით “საკომუნიკაციო კამპანია ცუდად ჩატარებული არ იყო, სხვა შემთხვევაში 700 ათასი ორი დოზით აცრილი და მილიონ შვიდასი ერთი დოზით აცრილი მოქალაქე არ გვეყოლებოდა.
თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.
სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სარეკლამო კომპანია “ალმას” ვაქცინაციის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდა. კომპანია “ალმა” კი აცხადებს, რომ სარეკლამო ბილბორდები, რომელზეც ვაქცინაციისკენ მოწოდებებია განთავსებული, კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრულიად უსასყიდლოდ, 3 თვით დაუთმო.