ახალი ამბები

NCDC “ალმას” ვაქცინაციის ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს

20 სექტემბერი, 2021 • 1248
NCDC “ალმას” ვაქცინაციის ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სარეკლამო კომპანია “ალმა”, რომელიც დედაქალაქში ბილბორდებს ფლობს, ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერის ჩანაცვლებაზე წერილობით მიმართა.

წერილში, რომელიც საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააცნო, NCDC ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება, ამავდროულად ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას. ამასთანავე, ჩვენს შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია”, — ნათქვამია წერილში.

NCDC “ალმას” მოუწოდებს, უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.

“ამ შინაარსის წერილი დღეს ოფიციალურა დაეგზავნა კომპანია “ალმას” და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და ადამიანს აქვს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

თუმცა “სირცხვილიამ” და სამოქალაქო აქტივისტმა ანი ჭარხალაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს “ალმასთან” სხვადასხვა მიმოწერა, როდესაც კომპანიამ უარი უთხრა ანტისაოკუპაციო და “სირცხვილიას” ბანერების გამოქვეყნებაზე, რაც მათი თქმით, სწორედ შინაარსში ჩარევას წარმოადგენდა. 19 წელს ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, 17 მაისის აღსანიშნავად ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერების გავრცელებაზე კერძო კომპანია „ალმამ“ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი.

თუ სიმართლეა, ვგმობთ – NCDC ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი