ახალი ამბები

პაპუაშვილი ბრიუსელში ელჩის დაბარებას “მედიის აჟიტირებით” ხსნის

22 სექტემბერი, 2021 •
პაპუაშვილი ბრიუსელში ელჩის დაბარებას “მედიის აჟიტირებით” ხსნის

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარება სუს-ის სავარაუდო ფაილებთან დაკავშირებით “მედიის აჟიტირებამ” გამოიწვია.

“არაფერი ამაში სკანდალური არ არის. მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი. თუმცა ასეთ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება უკვე მერამდენე დღეა ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა ჩვენი არხებით ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განმარტებები მივცეთ[…] ასეთი პირადი ცხოვრების ჩანაწერების მოპოვება ხომ ცუდია, მაგრამ გავრცელებაც კი ცუდი არის. ამიტომ მედიამ არ უნდა გაავრცელოს პირადი სახის ჩანაწერები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.


ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობას სუს-ის მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სავარაუდო მოსმენის შესახებ.

“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგანაც მას მოჰყვება შედეგები ვენის კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს ამ კონტექსტში, ისევე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით”, — განაცხადა რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კი “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი