ახალი ამბები

NCDC: “ალმასთან” ვაქცინაციის ბანერებზე ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა ნახსენები არაა

21 სექტემბერი, 2021 • 730
NCDC: “ალმასთან” ვაქცინაციის ბანერებზე ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა ნახსენები არაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომპანია “ალმას” პასუხობს და აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც კომპანიამ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები გამოფინა, სამთვიანი ვადა ნახსენები არ არის და მიიჩნევენ, რომ ცენტრთან შეთანხმების გარეშე “ალმას” ისინი არ უნდა გადაეფარა.

NCDC-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება 7 მაისს გაფორმდა და “ალმას” განცხადება იმის შესახებ, რომ ცენტრს მათთვის სექტემბერში არ მიუმართავს ბანერების ლოკაციის ცვლილებასა და ვადის გაგრძელებაზე, არ განაპირობებს იმას, რომ კომპანიას მათი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლება ცენტრთან შეუთანხმებლად შეეძლო.

დაავადებათა კონროლის ცენტრი კვლავ უარყოფს აღნიშნულ საკითხზე “ალმასთან” ყოველგვარ შეთანხმებას:

“განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს ‘’ალმა’’- სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული” – ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.

ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ცენტრი აღნიშნავს, რომ შპს “ლმას-სთან” მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობაა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს იტოვებენ, რომ ცენტრსა და შპს “ალმას” შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს – “ალმა” აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს.


თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

თუმცა “სირცხვილიამ” და სამოქალაქო აქტივისტმა ანი ჭარხალაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს “ალმასთან” სხვადასხვა მიმოწერა, როდესაც კომპანიამ უარი უთხრა ანტისაოკუპაციო და “სირცხვილიას” ბანერების გამოქვეყნებაზე, რაც მათი თქმით, სწორედ შინაარსში ჩარევას წარმოადგენდა. 19 წელს ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, 17 მაისის აღსანიშნავად ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერების გავრცელებაზე კერძო კომპანია „ალმამ“ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი