ახალი ამბები

რიგ პროექტებზე დაპაუზდა – NCDC-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი აშშ-ის დახმარებაზე

5 აგვისტო, 2024 •
რიგ პროექტებზე დაპაუზდა –  NCDC-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი აშშ-ის დახმარებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ნამიჭეიშვილი აცხადებს, რომ აშშ-მა ცენტრის „რიგ პროექტებს“ დახმარება შეუჩერა.

ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, რომელ პროექტებზეა საუბარი, ოთარ ნამიჭეიშვილი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

„რიგ პროექტებზე დაპაუზდა დროებით [აშშ-ის დახმარება], მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი ეგ დეტალები [რამდენი მილიონის დახმარება შეჩერდა]. მე ვიცი, რომ რაღაც პროექტებს შეეხო და რასაც შეეხო, მოვა ჩემამდეც [ინფორმაცია] და მეცოდინება… რა პერიოდით დაპაუზდა, რომელი პროექტი დაპაუზდა, მიმდინარეზეა საუბარი თუ ახალ პროექტზე, ეს დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ გადახედვის ეტაპზეა და შეჩერებულია, მაგრამ რა არის დაპაუზებული და რას ნიშნავს პროექტის დაპაუზება, ამის განმარტებაც ჩემთვის ახალია და ვერ გეტყვით“, – აცხადებს ოთარ ნამიჭეიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

„ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი