ახალი ამბები

“ალმა” ამირან გამყრელიძის განცხადებას “დაუმსახურებელს და არაობიექტურს” უწოდებს

21 სექტემბერი, 2021 • 1142
“ალმა” ამირან გამყრელიძის განცხადებას “დაუმსახურებელს და არაობიექტურს” უწოდებს

კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ სარეკლამო ბილბორდები, რომელზეც ვაქცინაციისკენ მოწოდებებია განთავსებული, კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო და უსამართლოდ მიიჩნევს NCDC-ს დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას.

კერძოდ, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 20 სექტემბერს საზოგადოებას გააცნო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია და განაცხადა, რომ “ალმა”-მ ვაქცინაციის ბანერები წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩაანაცვლა ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით.

“აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ალმა” აცხადებს, რომ კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ბანერების განთავსებაზე 14 აპრილს სამთვიანი ხელშეკრულება დადო, შემდეგ კი NCDC-ს ხელშეკრულების განახლებაზე არ მიუმართავს, თუმცა კომპანიამ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განთავსებული ბანერები მაინც არ ჩამოხსნა.

“სამწუხაროა, რომ „ალმა“-ს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა”, – წერს კომპანია.

“ალმა” განმარტავს, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი 40 ბანერიდან კომპანიამ 3 ლოკაციაზე ჩაანაცვლა ისინი სხვა შინაარსის იმიჯებით, თუმცა სანაცვლოდ სხვა ბილბორდები გამოუყო უსასყიდლოდ და სარეკლამო მონიტორებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეო რგოლების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად საქართველოში “ალმა”-ს 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას.

“აქვე ელემენტარული ობიექტურობის დაცვის მიზნით განვმარტავთ, რომ საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო „ალმა“-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია „ალმა“-მ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭდვასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში).

აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება „ალმა“-ს მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად იქნა შესრულებული, რასაც ადასტურებს კიდეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და „ალმა“-ს შორის ა/წ 20 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც წინამდებარე განცხადებას თან ვურთავთ”, – განმარტავს კომპანია.

განცხადების ბოლოს “ალმა” აღნიშნავს, რომ ემიჯნება ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების პოლარიზაციას.

კომპანიის განცხადებით, მათთვის “აბსოლუტურად მიუღებელია” ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები, რომელიც კომპანიამ საკუთარ ბილბორდებზე განათავსა.

“ნეტგაზეთი” კოპანიის მიერ განცხადებაში ნახსენები ფაქტების გადამოწმებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ცდილობს. მასალა მოგვიანებით განახლდება.


თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

თუმცა “სირცხვილიამ” და სამოქალაქო აქტივისტმა ანი ჭარხალაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს “ალმასთან” სხვადასხვა მიმოწერა, როდესაც კომპანიამ უარი უთხრა ანტისაოკუპაციო და “სირცხვილიას” ბანერების გამოქვეყნებაზე, რაც მათი თქმით, სწორედ შინაარსში ჩარევას წარმოადგენდა. 19 წელს ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, 17 მაისის აღსანიშნავად ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერების გავრცელებაზე კერძო კომპანია „ალმამ“ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი.

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი