ახალი ამბები

ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ აცრილი პატიმრები ისარგებლებენ

21 სექტემბერი, 2021 • 782
ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ აცრილი პატიმრები ისარგებლებენ

27 სექტმებრიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას მხოლოდ ორჯერ აცრილი ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეძლებენ.

რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ციხეებში პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად აცრილები იქნებიან კორონავირუსზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, პატიმრების აცრა 18 მაისს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.

“სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი