ახალი ამბები

კობახიძე “სისხლიანი” ბანერების შინაარსს ეთანხმება

19 სექტემბერი, 2021 • 1031
კობახიძე “სისხლიანი” ბანერების შინაარსს ეთანხმება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეთანხმება თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამოკრული ახალი ბანერების შინაარს, ხოლო გამოხატვის ფორმაზე შეფასებას არ გააკეთებს.

კობახიძის თქმით, ბანერებზე დატანილი სამივე სლოგანის — “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას”, “არა ღალატს” – სულისჩამდგმელები არიან ის პირები, რომლებიც ბანერებზე არიან გამოსახული.

“სისხლიანი რეჟიმიც რომ იყო, ამასაც ვეთანხმები. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა მეორე საკითხია და ყველას შეიძლება ჰქონდეს შეფასება თავისი გემოვნებიდან გამომდინარე. მე შეფასებას არ გავაკეთებ”, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბანერები გაკრულია კონკრეტული პირის მიერ, რომელმაც უკვე გააკეთა საჯარო კომენტარი და პროცედურულ მხარეზე, მათ შორის, ვაქინაციის ბანერზე გადაკვრის თაობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ზოგი იქნება გადაკრული რაღაც შინაარსის ბანერზე, ზოგი იქნება გადაკრული რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არანაირი ინტერესი არ გვაქვს”, — თქვა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც სიძულევილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს და ამ ყველაფრის მთავარი წყარო სამი ტელევიზიაა.

“ბუნებრივია, როცა ერთი მხრიდან მოედინება ამდენი სიძლვილი, შეიძლება სხვა მხრიდანაც იყოს პასუხი, თუმცა მთავარია, რომ ეს არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. სიძულვილის ენა არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი”, — თქვა მან.

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

“ვარ სისხლიანი წინა მთავრობის მოწინააღმდეგე. დიახ, ეს მე დავაფინანსე და ეს ჩემი და ჩემი სამეგობროს აზრია. გიორგი გახარია იმიტომ მოხვდა ამ ბანერზე, რომ ის თამაშობს “ნაციონალების” საქმეს აკეთებს”, — განუცხადა გაბრიაძემ “პარიმთაიმს”.

თუ სიმართლეა, ვგმობთ – NCDC ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი