ახალი ამბები

თუ სიმართლეა, ვგმობთ – NCDC ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებაზე

19 სექტემბერი, 2021 • 1223
თუ სიმართლეა, ვგმობთ – NCDC ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ე.წ. “სისხლიანი ბანერებით” ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

NCDC-ის თქმით, ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე. თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს”, — აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბანერი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერს გადააკრეს.

ამ შინაარსის ბანერს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. პირველად ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. ბანერზე, წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას!” მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, მეგის ქარდავასა და ზურაბ ადეიშვილის, ასევე, “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას ფოტოები იყო დატანილი.

მეორედ, ამავე წარწერიანი პლაკატები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე წლის ივლისში გამოაკრეს. უწინდელისგან განსხვავებით, ფონზე ცისარტყელა დახატეს და პოლიტიკოსების გარდა, გამოსახეს სამოქალაქო აქტივისტების სურათებიც. იქვე იყო “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის ფოტოები.

უკვე ახლა, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, შეიცვალა როგორც ბანერებზე გამოსახულ პირთა შემადგენლობა, ისე — მთავარი გზავნილი. ზემოთ მოცემულ ლოზუნგებს დაემატა “არა ღალატს!”, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად კი ბილბორდებზე გიორგი გახარიას, ასევე, გუბაზ სანიკიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას ფოტოებიც დაიტანეს.

უცნობია, ვისი დაკვეთით მომზადდა ბანერები. ივლისში, როდესაც ქუჩებში მხოლოდ მცირე ზომის პლაკატები გამოაკრეს, თბილისის მერიამ თქვა, რომ ეს კონკრეტულმა პირებმა შესაბამისი ნებართვის გარეშე გააკეთეს. უწყებამ მოქალაქეებს უთხრა, რომ მასალას ჩამოხსნიდნენ, ავტორები კი — დაჯარიმდებოდნენ.

უკვე ახლა, 18 სექტემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები დაიტანეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია აღნიშნულზე რეაგირებას ვერ მოახდენს.

“მე პირადად არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. ყოველთვის საზოგადოებას ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე… რეაგირება არაფერი არ იქნება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია “ალმა”, რომლის საკუთრებაც არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და არანაირი უფლება არ აქვს”, — დასძინა მან.

ამის შემდეგ კალაძემ კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა:

“ხომ არ მოგწონთ ეს? ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი და ნახოთ, საარჩევნო კლიპებში რაც არის: ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა… ეს ხართ თქვენ”.

წინა შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ სიძულვილის ენაზე, რომელთაც ხსენებული ბანერები და პლაკატები შეიცავს. ორგანიზაციებმა “ISFED” და “TDI” ივლისში თქვეს, რომ “ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი