ახალი ამბები

“ოცნება” საია-ს არჩევნებისთვის პრობლემის შექმნის დაგეგმვაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი, 2021 • 1179
“ოცნება” საია-ს არჩევნებისთვის პრობლემის შექმნის დაგეგმვაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და საია-ს გეგმები “ნაციონალურ მოძრაობას” და არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას დაუკავშირა.

რა ხდება?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია. მაგალითად, ამომრჩეველი როგორც მთაწმინდიდან, ისე საბურთალოდან თბილისის საკრებულოში ირჩევს ერთ დეპუტატს მაშინ, როცა საბურთალოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 134 582-ს, ხოლო მთაწმინდაზე – 53 884-ს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ირღვეოდა ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი. ვინაიდან საბურთალოზე მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობა 2,5 ჯერ აღემატება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, საია-ს შეფასებით, საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის წონა 2.5 ჯერ მცირდება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით.

ირაკლი კობახიძის განცხადება

საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი სახელით შეიტანა”.

“მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა — საკონსტიტუციო სასამართლომ აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა. შემაშფოთებელია, რომ ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს”, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საია-ს, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებს, სამი თვის წინ, კანონის მიღების პროცესში და არც მის შემდეგ არაფერი უთქვამთ და საკითხი ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში გააქტიურეს, რაც “სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებს”.

“სარჩელის აბსურდულობაზე დღეს დიდხანს არ ვისაუბრებ. მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია. ამაში დასარწმუნებლად დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირული გაცნობაც კი იქნებოდა საკმარისი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა. ამგვარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ. სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფების ამგვარი ქმედებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებენ, ჩრდილს აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტს, რომელიც მათივე კვლევებით, ქართულ საზოგადოებაში ისედაც ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს”, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ “არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას NGO-ების მიმართ.

საია-ს პასუხი

“ქართული ოცნების” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ საია-ს არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან.

“საია “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ყოველთვის იყო ხოლმე ის ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ მძიმე დარღვევებზე მკაცრად რეაგირებდა და ეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსაც დაუდასტურებიათ. რაც შეეხება ჩვენ სარჩელს, მისი შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით. ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში”, — განმარტავს სიმონიშვილი.

მისი თქმით, სარჩელში დაყენებული არ არის ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე მითითება, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად. ამდენად, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ გადაწყდება, ხოლო შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება, სიმონიშვილის თქმით, ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

“ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “სამართლებრივი ნონსენსია” ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები. ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდაოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და ამას თუ სპეციალური სუბიექტი კანონით დადგენილი წესით გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა. ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი”, — აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

ამ თემაზე:

“ოლქების არსებული საზღვრებით, ამომრჩევლის ხმის წონა იკარგება” — საია საკონსტიტუციოში ჩივის

მასალების გადაბეჭდვის წესი