ახალი ამბები

“ოლქების არსებული საზღვრებით, ამომრჩევლის ხმის წონა იკარგება” — საია საკონსტიტუციოში ჩივის

18 სექტემბერი, 2021 • 824
“ოლქების არსებული საზღვრებით, ამომრჩევლის ხმის წონა იკარგება” — საია საკონსტიტუციოში ჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ორგანიზაციის თქმით, შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.

საია დასძენს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ხმის “წონა” და გავლენა იკარგება, რაც ართმევს მას აქტიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.

“გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია. მაგალითად, ამომრჩეველი როგორც მთაწმინდიდან, ისე საბურთალოდან თბილისის საკრებულოში ირჩევს ერთ დეპუტატს.

საბურთალოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 134582-ს, ხოლო მთაწმინდაზე – 53884-ს. ვინაიდან საბურთალოზე მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობა 2,5 ჯერ აღემატება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის წონა 2.5 ჯერ მცირდება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით”, — დასძენს საია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ირღვეოდა ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ,,საარჩევნო უფლების განხორციელების უპირველესი მიზანი და საფუძველია მოქალაქეთა ნების ასახვა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.“

შესაბამისად, ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ამომრჩევლების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე. ამის საპირისპიროდ, იზრდება იმ ამომრჩევლების მიერ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ვისი ხმის „წონაც“ გაზრდილია.

ასეთი საარჩევნო სისტემა ანიჭებს მოქალაქეებს არათანასწორ შესაძლებლობებს და ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩევლების ნების ადეკვატურად ასახვას არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც, დემოკრატიული მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებზე ხმების თანაბრობის უფლებას ეხებოდა, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ იგივე მიდგომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვისაც რელევანტურია:

“წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი