ახალი ამბები

მითხრეს, რომ შვილებს ვერ ვნახავ – საკანდელიძის თქმით, კანდიდატურის მოხსნა აიძულეს

19 სექტემბერი, 2021 • 1798
მითხრეს, რომ შვილებს ვერ ვნახავ – საკანდელიძის თქმით, კანდიდატურის მოხსნა აიძულეს

“მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, 18 სეტემბერს, იანეთი-ბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძეს თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს და “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბში დააწერინეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

“სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო ადმინისტრაციისგან — საკანდელიძის განცხადების გაუქმებას, სამართალდამცველებისგან კი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

“მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია. გუშინ, რვა საათის მანძილზე, ფაქტობრივად, უკანანოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე და მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მოეხსნა კანდიდატურა. საბოლოოდ განცხადება დაიწერა “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბში. შემდგომ, როგორც მას უთხრეს, გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მან მოხსნა კანდიდატურა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ინფორმაცია რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული”, — განაცხადა “მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა საკანდელიძის თქმით, მას ბავშვებით და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ.

“სამნი იყვნენ ავტომობილში, როდესაც გამიყვანეს და მითხრეს, რომ უნდა მოხსნა კანდიდატურაო. მითხრეს, შენ გყავს სამი შვილი, რომლებიც დადიან სტადიონზე გასართობად. იმათ ვერ ნახავ და შენც დატოვებ სამტრედიას. სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს და იმაზეც იყო მუქარა, მოგიხსნითო. თუ მოხსნი კანდიდატურას, ჩვეულებრივად იქნები. ამის შემდეგ მივედით ოფისთან, დამაწერინეს განცხადება. ცოტა ანერვიულებული ვიყავი, ვერ დავწერე წესიერად და მითხრეს, შენამდე ერთი ადამიანი იყო მოსული და იმან 2 წუთში დაწერაო. ამის შემდგე გავიგე, რომ ჩემთან ერთად კანდიდატურა მოუხსნია ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატს “ლელოდან”, — განაცხადა ნიკა საკანდელიძემ.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა “ლელოს”, სადაც ამბობენ, რომ ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატთან ჯერჯერობით კონტაქტზე ვერ გავიდნენ. “ლელოსგან” დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

“მესამე ძალა” აცხადებს, რომ ინფორმაციას მის კანდიდატზე ზეწოლის შესახებ მიაწვდის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

“დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში. ასევე, მოვითხოვთ დაკავებას “ქართული ოცნების” იმ შტაბის წევრების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან ვითხოვთ იმ ადამიანების გათავისიფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს არ არის ერთადერთი პრეცედენტი, მაგრამ ამ ადამიანმა გამოიჩინა ვაჟკაცობა, უკან არ დაიხია და ყველაფერზე ისაუბრა ღიად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ საკანდელიძე რჩება “სტრატეგია აღმაშენებლის” მაჟორიტარობის კანდიდატად ბაში-იანეთში.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებები მუდმივად ესმით, თუმცა “არასდროს მტკიცდება”.

“ასეთი ბრალდებები მუდმივად ისმის. თუ ვინმეს აქვს რამე ფაქტი და სადმე არის კანონდარღვევა, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები და ნებისმიერმა ასეთმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს და იქ გაირკვევა ყველაფერი. მე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება”, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი