ახალი ამბები

მუსლიმი რელიგიური ლიდერის “კადრებით” შანტაჟის საქმე – სადამდე მივიდა გამოძიება?

23 მარტი, 2021 •
მუსლიმი რელიგიური ლიდერის “კადრებით” შანტაჟის საქმე – სადამდე მივიდა გამოძიება?

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.

ერთ-ერთი პირი, რომლის კომპიუტერშიც, გულაშვილის თქმით, თავად შეიყვანა კომპიუტერული ვირუსი პირადი ცხოვრების თვალთვალის მიზნით, “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვია. აქპეროვმა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა, რომ 2013 წელს “მოდულის” შენობაში დაიბარეს და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. “ნეტგაზეთი” ვაგიფ აქპეროვს დაუკავშირდა და ჰკითხა როგორც საქმის დეტალებზე, ისე იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც, როგორც თავად ამბობს, არასასურველი კადრი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის. მან ინტერვიუს დროს კვლავ გაიხსენა 8 წლის წინ განვითარებული მოვლენები, როცა, აქპეროვის სიტყვებით, ჯერ იძულებით დაატოვებინეს თანამდებობა, შემდეგ კი სახელმწიფო უწყებებში სამსახურს სთავაზობდნენ გაჩუმების სანაცვლოდ. 

ბატონო ვაგიფ, დავიწყოთ სულ თავიდან. თქვენ 2016 წელს განაცხადეთ, რომ “ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო მუქარები, რომ ჩამოშორებოდით საზოგადოებრივ ცხოვრებას. პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რას ფიქრობთ, რატომ იყავით არასასურველი კადრი სახელმწიფოსთვის? თქვენი საქმიანობის რომელმა ასპექტმა შეგიქმნათ პრობლემები?

[2012 წელს] მოსული ხელისუფლების “სასტავის” , ბოდიში სლენგისთვის, წევრი არ ვარ და არც ვყოფილვარ. ეს იცოდნენ მათ. 2011 წელს, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში, სხვადასხვა პირები, რომლებიც ახლა დიდ თანამდებობაზე არიან, თავიანთ წარმომადგენლებს მიგზავნიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ შეიქმნა ახალი მოძრაობა, “ქართული ოცნება” -ევროპული, დამოუკიდებელი საქართველოს [იდეით] . არაერთხელ შემომთავაზეს, რომ მეთანამშრომლა ამ ორგანიზაციასთან. ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილთან…

არაერთი უარის შემდეგ დაიწყო ქვემო ქართლში ძალიან დიდი კამპანია პირადად ჩემ წინააღმდეგ, რომ შეიხი უნდა გადადგეს. შეიხობის არაერთი კანდიდატი იყო, რომელთაც ივანიშვილი დაჰპირდა, რომ ისინი [დაიკავებდნენ ამ პოზიციას]. 2013 წელს, როცა ივანიშვილი მეჩეთში იყო მოსული [დღესასწაულზე], ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, ბატონო ბიძინა, სად არის ჩემი საქმე, თქვენ ხომ თქვით, “ქართულ ოცნებას” დაეხმარეთ და შენ დაგაყენებ შეიხადო? შეასრულე რა შენი დაპირებაო. ჩემი თანდასწრებით უთხრა ეს.

მე ძალიან ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სხვადასხვა კონფესიებთან, სხვადასხვა რელიგიურ დენომინაციებთან ერთად. მპატიჟებდნენ ეკუმენური ლოცვის საპატიო სტუმრად, მპატიჟებდნენ ლუთერანებში, ბაპტისტებში, კათოლიკეებში, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში… ყველაფერში ვღებულობდი მონაწილეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამათ, ივანიშვილის ხალხი რომ მოვიდა, არ სჭირდებათ, რომ ყველა თავის ადგილას იყოს აქტიური. მარტო ერთი კაცი უნდა წყვეტდეს, ვინ სად იჯდეს, სად იაროს და რა თქვას.

დღეს საქართველოს შეიხი  რეალურად ზაზა ვაშაყმაძეა[რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი]. მე მომხსნეს და 1 კვირაში შეიქმნა სააგენტო. რატომ? იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ რელიგიის სააგენტო მე ვერაფერს მიზამდა. არცერთ სარწმუნოებას ასე არ აკონტროლებენ და არცერთით არ მანიპულირებენ ისე, როგორც მუსლიმებით. ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი არის მუსლიმთა შეიხი. ეგ იღებს გადაწყვეტილებებს.

2012 წელს, სანამ, თქვენივე სიტყვებით, მოდულში დაგიბარებდნენ, კონკრეტულად როდის დაიწყო და ვისგან მოდიოდა მოთხოვნები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორებაზე და იყო თუ არა იმ პერიოდისთვის უშუალო მოთხოვნა, თქვენი ნებით წასულიყავით თანამდებობიდან?

2012-დან, როგორც კი მოვიდნენ.  2012 წლის 13 ოქტომბერს სამმართველოში მოვიდა ორი პიროვნება. თქვეს თავიანთი სახელები და ის, რომ იყვნენ საქართველოს უშიშროების თანამშრომლები. იყო ძალიან ლაკონური განცხადება: მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის ახალი ხელისუფლება და ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს, იქნება კარგად, ვინც არა — წავა სახლშიო. მარტო მე კი არ ვიყავი, ოთხი [რელიგიური] ლიდერი იყო იქ.

იმის მერე მე მქონდა კონფერენციები, საზღვარგარეთ ვიყავი… პროექტები იყო, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან, უმცირესობებთან, შეხვედრები მქონდა.

სადღაც, 2013 წლის თებერვალ-მარტში, დამიბარეს სუს-ში. მითხრეს, რომ ძალიან ცუდად იქცევი, შეეშვი რა ამ სექტანტებსო.

“სექტანტებში” ვინ იგულისხმეს?

არ ვიცი კონკრეტულად. მითხრეს: “შეეშვი რა ამ სექტანტებს, მორჩი რა”. ხომ გაგაფრთხილეს, რომ იყავი წყნარად, შენთვისო… ბოლო გაფრთხილებას გაძლევთო. ხომ გითხარით, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს, იქნება კარგად, ვინც არა და — წავა სახლშიო. ახლა ვმუშაობ იმაზე, რომ იდენტიფიცირება მოვახდინო, ვის ვესაუბრე და ვინ არიან.

მერე კიდევ დამპატიჟეს, მერე კიდევ მითხრეს… უკვე ვიგრძენი, რომ სამმართველოში არ იყო კარგი ვითარება. მოდიოდა ინფორმაციები, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მე არ ვყოფილიყავი. რატომ? იმიტომ, რომ მე არავის არ ვექვემდებარებოდი. მე ჩემი ქვეყნის მომავალსა და კეთილდღეობას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ვხედავ… ამათ კი უნდათ კაცი, რომ დაჯდეს ცხვარივით და რასაც ეტყვიან, გააკეთოს.

პირადი ცხოვრების კადრებით მუქარა, როგორც ადრეც თქვით, 2013 წლის დეკემბერში იყო…

მითხრეს, რომ უნდა მომეწერა ხელი გადადგომის განცხადებაზე. რომ ვუთხარი, არ მოვაწერ-მეთქი, მაშინ პირადი ცხოვრების კადრებს [გაგივრცელებთო]… ვუთხარი, არაფრის მეშინია, მერე რა-მეთქი? ოჯახის კაცი ვარ, წესიერი კაცი ვარ და ეს თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ შეხვიდეთ სახლში და ასეთი რამე გააკეთეთ-მეთქი.

ეს რომ გაიგეს, მაშინ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო და ჩამოთვალეს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ… ასეთი რაღაცები იყო. ეს სისტემა… 1 წელი, შეიძლება, მოითმინო, მაგრამ არანაირ გასაქანს არ მაძლევდნენ.

თქვენ იქვე, იმავე ოთახში მოაწერეთ ხელი იმ განცხადებას?

არა… მითხრეს, რომ წახვალ ვაჟა მაზმიშვილის კაბინეტში და იქ დაწერ განცხადებასო. მე ჯერ უარზე ვიყავი. ბავშვებსაც მიხსენებდნენ: რამდენი ბავშვი მყავს, რა ასაკის არიან… აბა, უშიშროებაში რომ შეგეკითხებიან, რამდენი ბავშვი გყავთ, ხომ წარმოგიდგენიათ? რა, ჩემს ბავშვებზე ზრუნავენ?

…ვუთხარი, სათვალე არ მაქვს, ვერ დავწერ-მეთქი. მერე რაღაც სათვალეები მომცა ვაჟამ, ამით დაწერეო. იქ არ გაგახარებდნენ უკვე. მანდ უკვე ვერ იმუშავებდი. იატაკქვეშ უკვე სხვები იყვნენ, რომლებიც უკვე გადავიდნენ “ოცნებაში”, მასთან თანამშრომლობდნენ… იგივე სასულიერო პირები. მაგრამ საინტერესო იცით, რა არის? ვისაც შეჰპირდა ივანიშვილი, იმათ არ შეუსრულა. ისინი ახლა ოპოზიციაში არიან.

…ამის შემდეგ შევედი და დავწერე განცხადება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის სახელზე: გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. თავზე მადგნენ, მაიძულეს.

შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? ისევ გიკავშირდებოდნენ? როგორც 2016 წელს თქვით, სამსახურის შემოთავაზებებიც იყო.

[როცა განცხადება დავწერე], მანდ მითხრეს, რომ ეგრე არ დაგტოვებთო. მარტო უშიშროების თანამშრომლები კი არ ვართ, პირველ რიგში, კაცები ვართო. ოჯახი გყავსო, აქეთ-იქითო… დაგირეკავთო.

სადღაც 2014 წლის- 16-17 იანვარს მირეკავენ, მობრძანდით ამა და ამ ადგილასო — ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.  ეზოში დამხვდნენ. ამიყვანეს მესამე სართულზე და შევედით ოთახში, საშუალო კაბინეტში, ორი მაგიდით. შიგნით ორნი ისხდნენ და ორნიც იდგნენ, კარგად ჩაცმული კაცები.

დაჯექით, შეიხო, როგორ ბრნადებითო, ასეთი კარგი რევერანსებით [დამხვდნენ]. თუ შეიძლება, თქვენი პირადობაო. ამოვიღე და მივეცი პირადობა. მეგონა, სტრატეგიული ობიექტი რომ იყო, შესვლა-გამოსვლის პროცედურისთვის იყო საჭირო.

მითხრა: შეიხო, არ მეკითხები, რისთვის გამოგართვი პირადობაო? და მარჯვენა ხელით აჩვენა ქსეროქსის აპარატისკენ. ქსეროქსს გავაკეთებ და მოგცემო. არ გაინტერესებს, რატომო? არა, მთხოვეთ და მოგეცით-მეთქი, ვუთხარი. ხელფასის ბარათი უნდა გაგიკეთო და ამიტომ მჭირდებაო. ბევრი რამ ჩამოთვალა კიდევ: დიდი ხელფასი, 200 თუ 300 ლიტრი საწვავი… სამსახურში შეგიძლია არც მოხვიდეო, აპარატში შეიტან ბარათს და ფულს გამოიტანო.

ვინ ბრძანდებით-მეთქი, ვკითხე? ჩვენ უშიშროების თანამშრომლები ვართო. ამ დაწესებულებაში-მეთქი? რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვისო… ვუთხარი, რიგითი, ჩვეულებრივი მოლა ვარ, რა გამიკეთებია ისეთი, რა ნავთობი, რის გაზი-მეთქი? და როგორც მახსოვს, მითხრეს: თქვენო შეიხი ბრძანდებითო და შეიხს უხდება ნავთობისა და გაზის მფლობელობაო.

ვერავინ ვერ ნახეთ სხვა, რომ იყიდოთ-მეთქი? მოლას გაზის და ნავთობის დეპარტამენტში რა უნდა-მეთქი? ვაჭრობა დაიწყეს, ეს რამდენი გინდა, ის რამდენი მოგიმატოო?

წამოვედი თუ არა, სუსიდან დამირეკეს, რატომ თქვი უარიო? დამიბარეს შემდეგ კიდევ რამდენჯერმე. ზემოდან ბრძანება გვაქვს, სამსახურში უნდა მოგაწყოთ და შენ უნდა დაგვთანხმდეო.

[ერთ-ერთ მისვლაზე] მითხრეს, რომ გარდაბნის გრესტის[თბოელექტროსადგურის] გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას მთავაზობდნენ. ცოტა ჯანსაღი აზროვნების კაცი იუმორის გარეშე ვერ შეხედავს ამას, რომ შეიხი ინიშნება გრესტის გენ. დირექტორის მოადგილედ. ამაზე უარი არ უნდა თქვა, იფიქრეო. ვეუბნები, რა ფიქრი უნდა, არ მინდა ეს თანამდებობა, არ მინდა არაფერი-მეთქი.

დაბარებამდე თუ შეგინიშნავთ რაიმე საეჭვო გარემოება? თუ იყო ხილული თვალთვალი, ან თქვენს კომპიუტერიულ სისტემაში შემოღწევის მცდელობა?

ეს ყოველდღიურობაა. ისე კი არა, რომ მაშინ იყო და ახლა არ არის. ეს სისტემა რომ მოვიდა, რაც დააბრალა წინა ხელისუფლებას, იმას აკეთებს ეს ხელისუფლება. თვალთვალიც არის და მოსმენაც არის. არაფერი მიკვირს.

ამ საქმეზე პირველად საჯაროდ ისაუბრეთ 2016 წელს. მოდულში დაბარება და მუქარა კი, თქვენი მონაყოლის თანახმად, 2013 წელს იყო. რამ განაპირობა, რომ იქამდე არ გაგიხმაურებიათ ყოველივე ეს? 

მე საერთოდ არ მინდოდა ამისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. ვიძახდი, რომ სასულიერო პირი ვარ, ალაჰი იყოს ამათი პასუხის გამცემი… მაგრამ მე შეხვედრებზე დავდიოდი, კონფერენციებზე დავდიოდი და მითხრეს, რომ შენ რომ შენი სახელის რეაბილიტაცია მოახდინო იურიდიულად, ოფიციალურად უნდა იჩივლოო.

ვამბობდი, მე ღმერთთან შემიძლია ვიჩივლო, ეგ არის ჩემი პატრონი-მეთქი. მერე გავიარე იურიდიული კონსულტაცია და ამიხსნეს, რომ იურიდიულად მჭირდებოდა რეაბილიტაცია, ასე არ უნდა დამეტოვებინა ეს საქმე. არის ორგანიზაციები, ინსტიტუტები, მიმართე და გააკეთე განცხადებაო. შემდეგ სასულიერო ლიდერებსაც შევეკითხე და მითხრეს, რომ თუ შენი დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია მოხდა, შეგიძლია, იჩივლოო. იმის მერე დავიწყე.

მუქარები ხომ არ ყოფილა სუს-ში, რომ რაიმეს მოიმოქმედებდნენ, თუ გაახმაურებდით ამ ამბავს?

რა არის, იცით, მანდ ასეთი საუბარი არ მიდის. ქუჩის ავაზაკები კი არ არიან. მანდ მიდის დიპლომატიური საუბარი, მაგრამ ისეთ რამეს გეუბნებიან, შეიძლება ინფარქტიც დაგემართოს. ნუ, ზოგადად ვიძახი ამას. უხეში სიტყვით და ხულიგნობით არა, დიპლომატიურად კეთდება ყველაფერი.

მითხრეს, რომ იყო რამდენიმე რაღაც, რასაც ახლოს არ უნდა მივკარებოდი. ერთი იყო, რომ არ უნდა მეთანამშრომლა პრესასთან და მეორე, არ უნდა წავსულიყავი მეჩეთში. წარმოიდგინე, მე, სასულიერო პირს, რიგით მოქალაქეს, ამიკრძალეს მეჩეთში წასვლა.

რა ბედი ეწია ლეპტოპს, რომლითაც, როგორც სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმაც აღნიშნა, გითვალთვალებდნენ?

არ მახსოვს ზუსტად [რომელ ლეპტოპზეა საუბარი]. წლების წინ მოხდა ეს. იმ მომენტში ასეთ დეტალებს ყურადღებას არ აქცევ ადამიანი. რამდენიმე ლეპტოპი მქონდა. ერთი ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ ინსინუაცია მოაწყვეს, რომ მეჩეთი გაქურდეს და ლეპტოპი, რომელიც მაგიდაზე იდო, მოიპარეს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ლეპტოპით გითვალთვალებდნენ?

შეიძლება.

როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ხსენებული მოვლენებისა და პოსტის დატოვების შემდეგ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში თქვენი აქტივობების ინტენსივობასა და ფორმაზეც აისახა ეს ყველაფერი?

ერთი ინფარქტი, შაქრის დიაბეტი და თრომბი. 8 წელიწადია, სახლში ვზივარ. არადა, დილით მივდიოდი და ღამით შემოვდიოდი ხოლმე. სულ აქტიურად ვიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული.

5-წლიანი გამოძიება შედეგის გარეშე

გარდა ზემოხსენებული დეტალებისა, “ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც პროკურატურამ ვაგიფ აქპეროვის მიერ თავისი ისტორიის გასაჯაროების შემდეგ, 2016 წლის აპრილში დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

აქპეროვის ინტერესებს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტი, ანზორ ხატიაშვილი იცავს. მისი ინფორმაციით, საქმეს ამჟამად თბილისის პროკურატურა იძიებს. ადვოკატის თქმით, რამდენიმე წელია, პროცესი ერთ ეტაპზეა გაჩერებული.

“რეალურად, არაფერი გაკეთებულა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოიკითხა უშუალოდ ვაგიფ აქპეროვი. რამდენჯერმე მოუწია მას მისვლა საგამოძიებო ორგანოებში”, — დასძენს ხატიაშვილი.

აქპეროვისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. ყოფილი შეიხი ამბობს იმასაც, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არაფორმალურად სთხოვეს, საჩივარი უკან გაეხმო.

აქპეროვის ადვოკატი ამბობს, რომ იურისტებმა საგამოძიებო უწყებისგან ინფორმაცია ბოლოს 2020 წლის შემოდგომაზე გამოითხოვეს და დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა პროცესი. ანზორ ხატიაშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რა პასუხი მიიღო თბილისის პროკურატურისგან:

“როგორც ვაგიფ აქპეროვი მიუთითებდა, მოდულის[სუს-ის] შენობაში შეიყვანეს, სადაც მასზე ზეწოლა განხორციელდა.

ერთადერთი, რასაც [წერილში] უთითებს თბილისის პროკურატურა, არის ის, რომ შესაბამისი უწყებიდან[სუს-იდან] გამოითხოვეს ინფორმაცია შენობაში ვაგიფ აქპეროვის შესვლასთან და იქიდან გასვლასთან დაკავშირებით.  მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ დასტურდება ასეთი ფაქტიო.

ბუნებრივია, ის ორგანო, რომელთანაც პრეტენზია აქვს ბატონ ვაგიფს, თავისი ნებით არ მისცემდა პროკურატურას ასეთ ინფორმაციას, რომც ყოფილიყო”.

ვაგიფ აქპეროვმა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ახსენა ვინმე ვაჟა მაზმიშვილი, რომლის კაბინეტშიც, როგორც თავად ამბობს, იძულებით დააწერინეს განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე. როგორც აქპეროვი ამბობს, თავდაპირველად მხოლოდ ამ პიროვნების სახელი იცოდა, გვარი კი მოგვიანებით, საკუთარი ძალებით გაარკვია. ამის შემდეგ ყოფილი შეიხის ინტერესების დამცველმა პროკურატურას მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა დამატებითი ჩვენების შესახებ. ანზორ ხატიაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებიდან ამ გზავნილს არავინ გამოხმაურებია.

“ნეტგაზეთმა” ვაჟა მაზმიშვილის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ჰკითხა. უწყებაში ამბობენ, რომ ადამიანი ამ სახელითა და გვარით მათთან მართლაც მუშაობდა, თუმცა 2018 წელს დაითხოვეს. სუს-ში უარყოფენ, რომ მაზმიშვილის უფლებამოსილებებში შედიოდა სახელმწიფო სტრუქტურებთან და რელიგიის სააგენტოსთან ურთიერთობა.

“უსაფრთხოების სისტემაში მუშაობის პერიოდში მის [ვაჟა მაზმიშვილის] უფლებამოსილებაში არ შედიოდა სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან ურთიერთობა”, — ამბობენ სუს-ში.

ვაგიფ აქპეროვი ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საქმის გამოძიების მოლოდინი არ აქვს. პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს მისი ადვოკატიც.

“თვითონ ის ფაქტიც, რომ წლებია, მიმდინარეობს გამოძიება და რეალურად, არაფერი გაკეთებულა, მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური ნებაც არ არის ამ საქმეზე შედეგის დაყენებისა. ალბათ, სახელმწიფოს ინტერესიც არის აქ”, — აცხადებს ანზორ ხატიაშვილი.

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი