ახალი ამბები

თამარ ჩიხლაძე და ნატა ფერაძე ვარაუდობენ, რომ მათი სახლში საუბარი ჩაიწერეს

15 სექტემბერი, 2021 • 2179
თამარ ჩიხლაძე და ნატა ფერაძე ვარაუდობენ, რომ მათი სახლში საუბარი ჩაიწერეს

ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის და სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის ვარაუდით, ფარულ ჩანაწერებში გაშიფრული მათი საუბარი ნატა ფერაძის სახლში შედგა.

სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ერთ-ერთ ჩანაწერში გაშიფრულია ნატა ფერაძის და თამარ ჩიხლაძის საუბარი, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ტრანსგენდერების დახმარებას უკავშირდება.

“ჩემი და ერთი კარგი ჟურნალისტის ურთიერთობის შინაარსია იმ ჩანაწერებში მოთხრობილი. რაც ყველაზე საინტერესოა, არც ტელეფონით, არც მიმოწერით, რაზეც არ გვილაპარაკია, ის. ჩემთან მოვიდა სახლში და იქ ვილაპარაკეთ ამ დეტალებზე. ის, რაც წერია, მე თავად ვწერდი — ტრანსი გოგოებისთვის სამღვდელოების 1 პირის მიერ კოვიდის გადასალახად დახმარების გამოგზავნა”, — აცხადებს ნატა ფერაძე.

თამარ ჩიხლაძის თქმით, პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა მისმა მეგობარმა სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს ტრანსგენდერების საკვებით დახმარება, ამის გაკეთება ანონიმურად სურდათ. ჟურნალისტი ნატა ფერაძეს დაუკავშირდა და სთხოვა ორგანიზება.

“პირველი კომუნიკაცია იყო ტელეფონზე, როდესაც [ნატა ფერაძეს] გადავეცი სასულიერო პირების სურვილი და ძალიან გაუკვირდა. მესენჯერში ისტორია ვნახე და ძალიან ტექნიკური დეტალები გვაქვს განხილული — ტელეფონი და მისამართი მომწერა. ნატა და ტრანსგენდერებიც შეშინებული იყვნენ, რამდენად სანდოები არიან, პროვოკაცია არ იყოსო. ამიტომ მისული ვიყავი ნატა ფერაძესთან სახლში, რომ მეთქვა, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ პროვოკაცია არ არის. ამ დეტალებზე დიალოგი უკვე ნატასთან სახლში შედგა. არ ვიცი, ტექნიკურად როგორ ისმენდნენ —  ნატას სახლში იყო მოსასმენი მოწყობილობა თუ რომელიმეს ჩართული ტელეფონიდან მოისმინეს ეს დიალოგი — ეს მეც მაინტერესებს”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან 2021 წლამდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი