ახალი ამბები

მდინარაძე ფარული ფაილების შექმნასა და გავრცელებაში ენმ-ს ადანაშაულებს

13 სექტემბერი, 2021 • 2238
მდინარაძე ფარული ფაილების შექმნასა და გავრცელებაში ენმ-ს ადანაშაულებს

“თავად ჩაწერეს, თავად დაამონტაჟეს, თავად ადასტურებენ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ფაილებს. მისი თქმით, ეს ფაილები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არის გაკეთებული და ფაბრიკაციაა. ამის შესახებ მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ გზით სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირებას ცდილობს, თუმცა “ოცნების” წარმომადგენლის თქმით, ეს “წარუმატებელი მცდელობაა”.

“ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და, ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების “შეკერვა”, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნისას გამოქვეყნება უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს, ეს მათ არც მომავალში გამოუვათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, უსმენს თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ადამიანებს ფარულად, მდინარაძემ კი უპასუხა, რომ არა, და გავრცელებული ფაილები არის ფაბრიკაცია. თუმცა ფაილების გავრცელების შემდეგ არაერთმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ფაილებში ნახსენები საუბრები მათსა და სხვადასხვა სასულიერო პირს შორის ნამდვილად შედგა. მდინარაძემ კი ამაზე განაცხადა, რომ ამას სწორედ ის ადამიანები ადასტურებენ, ვინც ჩანაწერები შექმნა:

“თავად ჩაწერეს ნიშნავს 2012 წლამდე ჩანაწერს, თავად გაავრცელეს ნიშნავს 2012 წლის შემდეგ გავრცელებას, თავად ამონტაჟებენ ნიშნავს ახლა გავრცელებას, თავად ადასტურებენ ნიშნავს ახლა გავრცელებას. თუ რამე ახალია, მე არ ვიცი ამის შესახებ. ამას თქვენ [ჟურნალისტი] ამბობთ, მე თქვენი არ მჯერა. თუ სადმე არის რაიმე ამის [2012 წლის] შემდეგ ჩანაწერი, ვინ ჩაიწერა, ვინ დაამონტაჟა, ვინ გაავრცელა, რა მიზანს ემსახურებოდა და რამდენად რეალურია ეს ჩანაწერები, ესეც გაირკვევა და ძალიან არ მოგეწონებათ ისევ თქვენ [ჟურნალისტებს მიმართა], ამაშიც დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის,საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

უწყებები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი