ახალი ამბები

„პარლამენტმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია სუს-ის, სავარაუდოდ, უკანონო მუშაობაზე“

14 სექტემბერი, 2021 • 1142
„პარლამენტმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია სუს-ის, სავარაუდოდ, უკანონო მუშაობაზე“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მუშაობის მამხილებელი სავარაუდო ფაქტები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობებს და პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თანახმად, ბოლო კვირების განმავლობაში მედია და ინტერნეტრესურსების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაციის ჯაჭვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ სავარაუდო ფარულ მიყურადებაზე მიუთითებს.

ერთ-ერთ ასეთ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების  და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა დაადასტურა მათი საუბრების ამსახველი ტექსტების ნამდვილობა. 13 სექტემბერს კი კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო მასობრივი ფარული მიყურადების ფაქტების თაობაზე, ამჯერად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების შესახებ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, ისინი აღნიშნულ ინფორმაციას სრულად არ გასცნობიან, თუმცა მათთვის ცნობილი გახდა ცალკეული მონაცემები და ინფორმაცია გავრცელებული დოკუმენტებიდან, რომელიც აჩვენებს, რომ:

„რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორისა და თანამშრომლის პირადი კომუნიკაცია სხვადასხვა პირთან, სავარაუდოდ, რეგულარულად ისმინებოდა, დოკუმენტირდებოდა და ინახებოდა ორგანიზაციის დაარსების პირველივე წლებიდან. ფიქსირდება არა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის ჩაწერა, არამედ პირად წრესთან კომუნიკაციის ჩაწერაც“.

ამასთან, ყოფილი EMC-ის თანახმად, ამ წყაროებიდან ჩანს არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, არამედ, სავარაუდოდ, მათი გადააადგილების თვალთვალიც.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩვენი ადვოკატის მის მარწმუნებლებთან კომუნიკაციის ჩაწერა და კონფიდენციალობის პირობის და გარანტიების უხეში ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის გაზიარებული მასალები აჩვენებს, კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს. ეს გარემოებები აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს“, – წერია ორგანიზაციის მიერ 14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ინსტიტუციური სიმყიფე“

ორგანიზაცია კიდევ ერთ პრობლემურ ასპექტს გამოყოფს: მათი შეფასებით, მთელ ამ პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არა მხოლოდ უკანონო ჩაწერისა და მიყურადების გამოცდილება, – რაც, მათი შეფასებით, ამ უწყების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკასა და სამწუხარო ტრადიციას წარმოადგენს, – არამედ პირადი ინფორმაციის არასაკმარისი დაცვის პრობლემაც.

„ეს ფაქტი არაერთი ჩვენი მოქალაქის მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს შედეგებს ქმნის. სუს-ის სისუსტე, დაიცვას მის უწყებაში თავმოყრილი ინფორმაცია, ამავდროულად, აჩვენებს იმ რთულ გამოწვევას, რომ უწყებას არ გააჩნია ინსტიტუციური მედეგობა სხვა, კიდევ უფრო მაღალი, მათ შორის, საგარეო და ეროვნული მნიშვნელობის ინფორმაცია და მონაცემები დაიცვას“, – მიუთითებს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო დროს სავარაუდო უკანონო მიყურადების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ მოახერხა „ადეკვატური რეაგირება და მასშტაბური უკანონო პრაქტიკების ეფექტიანად გამოძიება“.

„მეტიც, სუს-ის მოქმედებისა და მართვის მანკიერი პრაქტიკების გათვალისწინებით, ამგვარი ფაქტების არსებობა და მათი მასობრივი ხასიათი ჩვენთვის ყოველდღიურ მოვლენად და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მუდმივად იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ კერად, სადაც თავმოყრილია ადამიანებზე კონტროლის, დაშინების, მანიპულაციისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმები. ამას ხელს უწყობს სუს-ის ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც მოკლებულია ანგარიშვალდებულების პროცედურებს და ერთი უწყების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას იწვევს“.

ორგანიზაციის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სუს-ის როლზე წინასაარჩევნო კონტექსტში:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვევლინება პოლიტიკური ანგარიშსწორების, დაშინების და არაფორმალური გავლენების გავრცელების წყაროდ. საქართველოში წინასაარჩევნო პროცესები ვერ იძენს დემოკრატიულ შინაარსს, პოლიტიკური ხელისუფლების მიზანი კი სუს-ის მეშვეობით ადამიანებზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიება, მათი ცხოვრების პრივატულ სფეროებში შეღწევა და ინფორმაციული მანიპულაციების წარმოებაა. ბოლო პერიოდში გავრცელებული მასალები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლების და პარტიული ინტერესების გასატარებლად სუს-ის რესურსი დღემდე აქტიურად გამოიყენება“.

ამასთან, ყოფილი EMC-ის განცხადებით, საპატრიარქოს მაღალი იერარქებისა და მღვდლების საქმიანობის და პირადი ცხოვრების მასშტაბური, უკანონო და ყოველდღიური კონტროლი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის, მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ რისკებს შეიცავს და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპსაც არღვევს.

„სისტემის კრიზისის უმძიმესი შედეგი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე აცხადებს:

„ჩვენი აზრით, სუს-ის მართვის არსებული პრაქტიკები იმდენად შეზრდილია პოლიტიკური ხელისუფლების პარტიულ ინტერესებთან, რომ ფრაგმენტული რეფორმები ან გამოძიების წარმოების იზოლირებული ფაქტები ვერ შეცვლის სისტემის მოქმედების ლოგიკას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუციების რყევის, პოლიტიზირებისა და უნდობლობის პროცესი იმდენად შორის წავიდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების და მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების და სიმართლის დადგენის მოლოდინიც კი აღარ გვაქვს. ეს პოლიტიკური სისტემის კრიზისის უმძიმესი შედეგია და სახელმწიფოებრიობის ბაზისური ჩარჩოების მოშლის ნიშნებს შეიცავს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალაუფლება იმდენად ჭარბია, რომ მისი დეკონცენტრაცია და შეკუმშვა ფართო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს და რადიკალურ ინსტიტუციურ რეფორმებს უნდა დაექვემდებაროს. არსებითია, რომ ეს საკითხები საქართველოს პარლამენტის ინტერვენციის და მუშაობის საგანი გახდეს და საპარლამენტო გამოძიებისა და სუს-ის რეფორმირების პროცესი პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში და ლოგიკით წარიმართოს.

აუცილებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოინახოს გზები, რომელიც სუს-ს აქცევს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულ ორგანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება როგორც ცალკეული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების უხეში ხელყოფა, ასევე პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი და სამართლიანი განვითარების შეფერხება“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია და „დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე“.

გამოძიება

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს:

  • კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის, ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვას;
  • კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას;

ინტერნეტში 12-13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი.

ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს „ჰაკიმ ფაშას“ სახელით, სათაურით: „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

უწყებები, სავარაუდოდ, სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ


„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი