ახალი ამბები

„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“

2 აგვისტო, 2021 • 2336
„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო უკანონო მოსმენების, მიყურადებისა და თვალთვალის ახალ საქმეზე.

„მთავარი არხის“ მიერ დასახელებული მოქალაქეების ნაწილი ადასტურებს, რომ დოკუმენტებში აღწერილი საუბრები ნამდვილად შედგა, ნაწილი კი ამას უარყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, დოკუმენტებმა გამოაჩინა, რომ უკანონო მოსმენების მანკიერი პრაქტიკა არ შეწყვეტილა და მას მმართველი გუნდი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

რა ხდება?

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.

გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (როგორც თავად უწოდა – კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.

გვარამიამ ოპერატიული ინფორმაციის მოკლე შეჯამების ათობით მაგალითი წაიკითხა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს მიმოიხილავს. მაგალითად, გვარამიას განცხადებით, რამდენიმე ასეთი პატაკის თანახმად:

„2020 წლის 23 ივლისს ერთ-ერთი პარტიის ორმა წამომადგენელმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის მქონე პირს, კ-ს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ერთ-ერთ ჟურნალისტთან, მ.-სთან, რომელიც კ-სგან იყო ორსულად და აღნიშნულის შესახებ შეიტყო ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მუცელი მოაშლევინა მ-ს“;

„2020 წლის 18 ივნისს მოპოვებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრ ვ-ს სექსუალური ურთიერთობა გააჩნია ე-სთან. გაგრძელდეს ოპერატიული დაკვირვება“;

„2020 წლის 4 ნოემბერს ბიზნესმენი გ. სესქსუალური კავშირის დამყარების მიზნით შეხვდა ტრანსსექსუალ [სტილი დაცულია] პირს, რომელიც სარგებლობს მობილურის ნომრით xxx xxx xxx“.

ზოგიერთ შემთხვევაში გვარამიამ პირდაპირ დაასახელა, მისი ინფორმაციით, მოსმენის ობიექტები. მაგალითად, წაიკითხა, – როგორც თავად ამბობს, – მინისტრ თეა წულუკიანსა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას სატელეფონი დიალოგი, სადაც საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მისი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე.

თითქმის ყველა შემთხვევაში, რაც გვარამიამ წაიკითხა, მოკლე ტექსტს მოჰყვება „ორიენტირი“, ანუ დავალება: „გაგრძელდეს ოპერატიულ-ტექნიკური მეთვალყურეობა“.

„რადიო თავისუფლების“ ეპიზოდი

2 აგვისტოს „რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას წაკითხული ჩანაწერების ერთ-ერთი ფრაგმენტი მის გამომძიებელ ჟურნალისტს ეხება.

გვარამიას წაკითხული ერთ-ერთი მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 16 ივნისს „საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიის გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორ თ-ს (დაახლოებულია ხელისუფლებასთან) შორის“.

ამ საუბრისას, როგორც გვარამიამ წაიკითხა, თ-მ ჟურნალისტ გ-ს განუცხადა, რომ „მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან, მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა“.

„თ. [ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და, მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული. ასევე, თ-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები“, – გვარამიას თანახმად, ასე წერია შემაჯამებელ ოქმში.

ამ „კრებსის“ „ორიენტირი“, ანუ მომდევნო დავალება, გვარამის თანახმადვე, იყო: „გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით“.

2 აგვისტოს „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ საუბარია გამომძიებელ ჟურნალისტ გიორგი მგელაძეზე, რომელიც ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი 2020 წლის ზაფხულში მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან – მობილური ტელეფონით, დაუცველ ხაზზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეპიზოდი

ნიკა გვარამიას გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებში ფიგურირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრატიის კომუნიკაციების დირექტორი, ნათია პავლიაშვილიც, რომელსაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, უსმენდნენ. 

გვარამიას მიერ წაკითხულ ერთ-ერთ ეპიზოდში პავლიაშვილი ესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიის პროტოპრესტვირ გიორგი ზვიადაძეს. პავლიაშვილი მას უზიარებს პრეზიდენტის აღშფოთებას საპატრიარქოსთან დაკავშირებით, ის კი პირობას დებს, რომ ამ პოზიციას საპატრიარქოს გააცნობს. 

ზვიადაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ასეთ ადამიანს საერთოდ არ იცნობს და არ ახსენდება 2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან მსგავსი შინაარსის საუბარი.

გვარამიას თანახმად, იწერებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჟურნალისტებთან საუბარიც. გავრცელებულ ინფორმაციაში საკუთარი თავი ამოიცნო ჟურნალისტმა ნინო გელაშვილმა, რომელიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან მისი საუბარი 2020 წლის ზაფხულში შედგა და ეს იყო სამუშაო პროცესის სტანდარტული პროცესი.

არასამთავრობოების ნაწილი

უმრავლეს შემთხვევაში ნიკა გვარამიას არ დაუკონკრეტებია იმ პირთა ვინაობა, ვისაც, მისი ინფორმაციით, უსმენენ და მხოლოდ სახელის ან გვარის ინიციალებით შემოიფარგლებოდა. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სრულად დაასახელა სავარაუდო მოსმენის/თვალთვალის/მიყურადების ობიექტები.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლები, – გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე.

ისინი ადასტურებენ, რომ მათ შორის [ონიანსა და მშვენიერაძეს და ონიანსა და იმნაძეს შორის] იმ შინაარსის საუბარი, რაც გვარამიამ წაიკითხა, ნამდვილად შედგა. საქმე ეხება EMC-ის კიდევ ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოძახებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რაზეც აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

გიორგი ონიანის შეფასებით, მოსმენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება „სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის“, რომ მოქალაქეებს ტოტალურად უსმენენ. „ვიცით, რომ ეს პრაქტიკა გრძელდება და ხელსაწყოთა სიაში აქვს ხელისუფლებას, თუმცა ეს ყველა საზღვარს გასცდა“, – აცხადებს ის.

„როგორც ჩანს, თავის საკუთარ თანამებრძოლებასც და წევრებსაც უსმენენ… სამწუხაროა. მინდოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის მეკითხა: ეს არის ის ქვეყანა, რის აშენებასაც თვითონ ცდილობდნენ? უნდათ, რომ ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ“? – ამბობს იგი.

გამოძიება?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაცია „სიცრუე“ და „დეზინფორმაციაა“, რომელიც ემსახურება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს სწავლობს და იძიებს ხოლმე, „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას არ დაიწყებენ, რადგან უწყების კომპეტენციას სცილდება.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას კითხვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, – და იქიდან გამომდინარე, რომ გვარამიას ჩამოთვლილი მაგალითებიდან, სულ მცირე, ერთ ეპიზოდში მონაწილე პირები ადასტურებენ, რომ აღწერილი კომუნიკაცია ჰქონდათ, რაც ქმნის ვარაუდს, რომ სხვა შემთხვევებიც, შესაძლოა, რეალური იყოს, და ასევე, ქმნის ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო მიყურადებას, – აპირებს თუ არა პროკურატურა, დაიწყოს მოკვლევა/გამოძიება ამ საკითხზე.

პროკურატურას ჯერჯერობით ჩვენს კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

„ფაბრიკაციაა“ – ერთ-ერთი დასახელებული პირი

ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ეპიზოდში დაასახელა სამი სახელი: გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და დიმიტრი ლორთქიფანიძე. კერძოდ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში წერია, რომ:

„8 სექტემბერს „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას შესთავაზა, შეასრულოს სხალთის მთავარეპისკოპოსის, სპირიდონ აბულაძის კურთხევა, კერძოდ, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, ეპისკოპოს შიო მუჯირს და ქორესკოპოს თეოდორე ჭუაძეს სთხოვოს საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ის მიერ საპატრიარქოსთან ერთად დაგეგმილი კონფერენციის გაუქმება“.

გურამ ფალავანდიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს, ლევან ჩაჩუასთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხეთ.

გვარამიას თანახმად, ლევან ჩაჩუასა და გურამ ფალავანდიშვილზე ჩანაწერის შემდეგ მოხსენებით ბარათში ასევე წერია:

„მოგვიანებით ფალავანდიშვილს და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა ს. და ისაუბრეს ეკლესიაში მოსაუბრე მამათმავალი სასულიერო პირების შესახებ. ლორთქიფანიძის განმარტებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ მთავარეპისკოპოსის [გვარამიას ის არ დაუსახელებია], სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის [არც მისი ვინაობა დაუსახელებია], ერთ-ერთი მამათა მონასტრის წინამძღვრის [არც მისი ვინაობა დაუსახელებია] არატრადიციულ ორიენტაციაზე [სტილი დაცულია, ნეტგაზეთი ემიჯნება ჰომოფობიურ ლექსიკას]“.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია – კონკრეტულად მასთან დაკავშირებით – არის ფაბრიკაცია, მსგავსი შინაარსის საუბარი გურამ ფალავანდიშვილთან და ვინმე ს-სთან არ ჰქონია, ხოლო გვარამიას მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის რამდენიმე: „ეკლესია წაჰკიდოს სახელწმიფოს, ეკლესიის დიკსრედიტაცია მოახდინოს, ეკლესიის წიაღში მღვდელმსახურებს შორის მოახდინოს დაპირისპირების ინსპირაცია და, რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული სუბიექტები წაჰკიდოს სასულიერო პირებს“.

ამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძის თანახმად,  გვარამიამ რაც ეთერში წაიკითხა, არ იყო ე.წ. „ზეტები“: „თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო „ზეტების“ გასაჯაროების ჟურნალისტური აქტი. „ზეტი“ არის მოსმენის ფორმულარი, რომელიც პირველ პირში გადმოსცემს სუბიექტებს შორის საუბრის შინაარსს და იქ არანაირი ინტერპრეტაცია, მესამე პირის ჩართვა, მესამე პირის მსჯელობა ფაქტზე არ არის. ხოლო ის, რაც გვარამიამ წაიკითხა, ამის ფაბრიკაციაზე ადვილი არაფერი არ არის. იმას კი არ ამბობს, რომ „ლორთქიფანიძემ კონკრეტულად ამ სიტყვებით ეს და ეს თქვა“. არა. „ლორთქფინაიძეს ულაპარაკია ვიღაცასთან და იმის თაობაზე გაკეთებულა ოპერატიული ცნობა“, – გვეუბნება იგი. 

„როცა მე მეკითხებით, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი სინამდვილეში, ამისთვის უნდა იყოს კონკრეტული დიალოგი. მართლაც „ზეტი“ უნდა იყოს და არა მესამე ოპეარტიული მუშაკის ცნობა თუ პატაკი ვიღაცის მიმართ, რომ მე თურმე მითქვამს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ღიად ამაზე და ამაზე“, – განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ნეტგაზეთს“.

რას ამბობენ „ოცნებაში“?

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვარამიას მონოლოგს „შეთხზული“ უწოდეს. „ეს არ არის ჩანაწერები, ეს არის ტექსტები, რომლის დაწერაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტარმა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის „აუცილებელია დაუცველობის და არასტაბილურობის განცდის შექმნა“ და „მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიით“ გამოვიდა ნიკა გვარამია.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ სუსი მას უსმენდეს, ვოლსკი პასუხობს, რომ ამის „საჭიროება არ არის“ და „სუსი დაკავებულია იმ საკითხებით, რათა ჩვენ ყველა, თქვენც უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თავს“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ფანტაზიები“ უწოდა გვარამიას მონოლოგს და განაცხადა: „ნ.გ-ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც ასევე დაასახელა გვარამიამ, განაცხადა:

„არ მაქვს ეგ განცდა, რომ მისმენენ… დარწმუნებული ვარ, რომ არ მისმენენ, იმიტომ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ… ჩემს შემთხვევაში ტყუილია და სხვაგან თუ მართალია, არ ვიცი“.

მოსმენების ისტორია

ნიკა გვარამიამ გამოაცხადა, რომ პირველ აგვისტოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით მეხუთედი გაასაჯაროვა. ამ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ დღის წესრიგში დაბრუნდა სამოქალაქო ორგანიზაციების ძველი კამპანია – „ეს შენ გეხება“.

„ეს შენ გეხება“ საზოგადოებრივი ჯგუფების ინიციატივა იყო, რომელიც თავდაპირველად 2012 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. თუმცა კამპანია 2014 წელს ხელახლა გააქტიურდა ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაცვლელად, ასევე, მასშტაბური უკანონო მოსმენის პრაქტიკის დასასრულებლად, რასაც სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები ენმ-ის მთავრობის დროსაც აპროტესტებდნენ და ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ გამოძიებასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საშუალებას აძლევდა, მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის საშუალებით მოესმინათ პირადი საუბრებისათვის.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მოსმენების „შავი ყუთის გასაღები“ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული ექნება გამოძების ფუნქცია და ექნება ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2016-17 წლებში მოჰყვა ინსტიტუციური რეფორმების პროცესი, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო „შავი ყუთის გასაღების“ დამოუკიდებელ უწყებაში გადატანა, რასაც არასამთავრობოები ადვოკატირებდნენ.

თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, – სადაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა, – მოსმენების „შავი ყუთის გასაღები“ მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს და სასამართლოს ნებართვის ელემენტი შემოიტანა.

“ეს შენ გეხებას” აქცია პროკურატურასთან 25 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკის ფონზე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიური პარტიებისა ნაწილი და ომბუდსმენი მაშინვე აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი კვლავ არაკონსტიტუციური იყო და მოსმენებს კვლავ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანო განახორციელებდა, რაც ზრდიდა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს.

„ეს შენ გეხება“ – 2021 წელსაც

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე, – რომელიც ერთ-ერთია „მთავარ არხზე“ დასახელებულ პირთა შორის, ვინც მოსმენის ობიექტი იყო, – ამბობს:

„იმ ფონზე, როდესაც ასეთი ტიპის ჩანაწერები აქვთ და ამაზე პატაკებს აკეთებენ, გასაგებია, რა მასშტაბი აქვს ამ მოსმენებს“.

იმნაძის თქმით, არ ჰქონია მოლოდინი, რომ 2012 წლის შემდეგ სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უკანონო მოსმენები აღარ ხორციელდება, მაგრამ გუშინ გამოჩნდა ამ პრობლემის მასშტაბი:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტოტალურად იცის, სად რა ხდება, ოღონდ არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებიდან გამომდინარე“.

იმნაძის ვარაუდით, მმართველი გუნდი ამ პრაქტიკას იყენებს, სხვა მიზნებთან ერთად, საკუთარ გუნდში „განსხვავებული აზრის შესაჩერებლად“, რის მაგალითადაც მან ეკა ბესელიას ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება გაიხსენა.

„ეკა ბესელიას შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ, რომ როდესაც მან „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო, მაშინ გამოქვეყნდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები“, – გაიხსენა გურამ იმნაძემ.

2019 წლის გაზაფხულზე, – მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ „ახალი ფრთის“ კრიტიკა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავშირებით, – ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდ აიტვირთა პარლამენტარის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ გამოავლინეს პირი, რომელმაც პირველად გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ბრალდებული სასჯელს სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა საქმეზე იხდის და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. თუმცა ეკა ბესელიას პოზიციაა, რომ ეს დანაშაული არ არის გახსნილი, რადგან გამოძიებას არ გამოუვლენია, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი