ახალი ამბები

ხაზარაძე მიტროპოლიტთან საუბარს და შინაარსს ადასტურებს – ფარული ფაილები

13 სექტემბერი, 2021 • 1860
ხაზარაძე მიტროპოლიტთან საუბარს და შინაარსს ადასტურებს – ფარული ფაილები

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან მართლაც ჰქონდა ლაპარაკი იმ საკითხებზე, რაზეც მედიისთვის გაგზავნილ ფაილებშია საუბარი. ხაზარაძის თქმით, ის გაეცნო დოკუმენტის შინაარსს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები ზუსტადაა აღწერილი:

“ვადასტურებ, რომ მქონდა საუბარი. გავეცანი შინაარს და ზუსტადაა აღწერილი ჩემი სიტყვები. თუ არ ვცდები, ეს საუბარი მქონდა 2018 ან 2019 წლის დასაწყისში. მეუფეს დიდი პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ ის ხვდებოდა აბასთუმანში ივანიშვილს და ვთხოვე გადაეცა ის გზავნილი, რომ შეეჩერებინა ეს აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. იგივე მოვუწოდე საჯაროდაც”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძემ ეპისკოპოსს აცნობა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, რა დროსაც ილია მეორეს ბოლო დროს “თიბისი” ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაზე ესაუბრა. დოკუმენტში წერია, რომ ხაზარაძის აზრით, გარკვეული პირები “ზემდგომს” არწმუნებენ მის პოლიტიკურ ამბიციებში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და უმჯობესი იქნება თუ მას ვინმე დაამშვიდებს:

“ხაზარაძის განმარტებით, მან სხვადასხვა უწყებაში უკვე გააგზავნა მსოფლიოს უდიდესი საერთშორისო იურიდიული კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლითაც ყველაფერია ნათქვამი და თუ ვინმეს უნდა მის წინააღმდეგ უმიზეზოდ ბრძოლა, ამ შემთხვევაში არ დანებდება”, – წერია გავრცელებულ დოკუმენტებში.

დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძე ეპისკოპოსს სთხოვს, “ზემდგომი” [ივანიშვილი] საქმის კურსში ჩააყენოს, რაზეც სასულიერო პირი პასუხობს, რომ შეეცდება ამბის ადრესატამდე მიტანას.

ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ვრცლად წაიკითხეთ:

უწყებები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი