ახალი ამბები

როგორ აპირებენ რუსთავის მერობის კანდიდატები ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას

15 სექტემბერი, 2021 • 2437
როგორ აპირებენ რუსთავის მერობის კანდიდატები ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას

ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის კუთხით რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის თანახმად, ბოლო 365 დღიდან დაახლოებით 273 დღის განმავლობაში, რაც მთლიანი წლის 75 პროცენტია, რუსთავში “ძალიან ცუდი” ან “ცუდი” ჰაერი იყო.

რუსთავში ჰაერის ხარისხის შეფასება ბოლო 365 დღის მიხედვით/ air.gov.ge / 14.09.2021

ჰაერში დასაშვებ ზღვარს აღემატება მყარი ნაწილაკების, “PM10-სა” და “PM2.5-ის” ოდენობა, რაც არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა გეგმა გააჩნიათ რუსთავის მერობის კანდიდატებს სხვადასხვა პარტიებიდან ქალაქში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნეტგაზეთის მხრიდან, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატ ნინო ლაცაბიძისგან პასუხების მიღება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.

კონტექსტი

რუსთავში არსებული ქიმიური, მეტალურგიული თუ სხვა საწარმოები ადგილობრივებისათვის დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა. ადგილობრივი აქტივისტების ინფორმაციით, რუსთავის დაახლოებით 8 000-მდე მცხოვრებელი ამა თუ იმ საწარმოშია დასაქმებული. თუმცა, გარდა იმისა, რომ საწარმოები ადამიანებს ასაქმებენ, ჰაერსაც აბინძურებენ. რუსთაველი მწვანე აქტივისტები ამბობენ, რომ არ სურთ საწარმოების დახურვა და სამუშაო ადგილების გაუქმება, მათი სურვილია, რომ წარმოება გახდეს უსაფრთხო ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

2021 წლის ზაფხულიდან რუსთავისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა. ცვლილებები სამ კანონს ეხება, მათ შორის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონებს.

ცვლილებების თანახმად, დადგენილ ზღვარზე მეტი ემისიის შემთხვევაში კომპანია შეიძლება 5-დან 40-ათასამდე ლარით დაჯარიმდეს. ასევე, კომპანიებს დაევალათ თვითმზომი მოწყობილობების დამონტაჟება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემისიების გადაჭარბების შესახებ. მესამე ცვლილების თანახმად, კანონი საშუალებას აძლევს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, განსაკუთრებულად დიდი დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საწარმოს დანადგარი ან მთლიანად ობიექტი დალუქოს. თუმცა, აქტივისტების თქმით, კანონს ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ გამოუღია.

საწარმოთა ფილტრაციის სისტემა სპეციალურ მოწყობილობებს გულისხმობს, რომელიც გამონაბოლქვიდან მავნე ნივთიერებების დიდ ნაწილს ფილტრავს. სხვადასხვა წარმოებისთვის სხვადასცვა ფილტრაციის სისტემა არსებობს, რომლებსაც განსხვავებული პროცენტულობა აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, ზოგიერთ საწარმოს ჰქონდა კიდეც ფილტრები, თუმცა ყოველთვის არ ამუშავებდნენ. ერთადერთი ბერკეტი, რაც სამინისტრომ დაინახა და რაშიც ჩვენც ვეთანხმებით – არის ეს თვითმზომები. გვესმის, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხებთან  შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოხერხდა ის, რომ წარმოება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო“, – ამატებს რუსთაველი აქტივისტი თიკო მაღედანი.

“ბიზნესის მიმართ ვალდებულებებისგან თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობა” – ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რომელიც რუსთავის მერობისთვის პარტიის “საქართველოსთვის” სახელისთვის იბრძოლებს, ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა იმ საწარმოებს, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, ფილტრების შეძენაში ხელი შეუწყოს”.

მისივე თქმით, ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობა “დავალებული არ იყოს კერძო სექტორის მხრიდან”.

“პირველი ეს არის ბიზნესის მიმართ ვალდებულებებისგან თავისუფალი აღსრულების მექანიზმები. როდესაც სახელისუფლებო პარტია ბიზნესთან მიდის და სთხოვს, რომ დაუფინანსოს საარჩევნო კამპანია, შეუძლებელია შემდეგ აღსრულების ის ზომები, რომელიც საჭიროა და კანონი ითვალისწინებს, ეფექტიანად განხორციელდეს”, – აცხადებს ლილუაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ლილუაშვილის განცხადებით, არსებობს ფინანსური სახსრების გამონახვის შესაძლებლობა, რათა კერძო მწარმოებლებს მიეცეთ დაბალპროცენტიანი სესხები ფილტრების დამონტაჟებისთვის.

“როცა მიდიხარ ბიზნესთან და ეუბნები, რომ მან უნდა აღასრულოს კანონი, ამავდროულად, ის არ უნდა მოაქციო წნეხის ქვეშ და უნდა მისცე საშუალება, რომ კანონი აღასრულოს.

ეს საკითხი განხილული გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, არსებობს უამრავი ეკოლოგიური ფონდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი ძალიან იაფი, კრედიტების მიღებაა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობაც, რომ ეკოლოგიური საკითხების მოგვარების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას დაბალპროცენტიანი სესხების პრაქტიკა.

მწირი ბიუჯეტის პირობებში არ გვაქვს სუბსიდირების საშუალება, მაგრამ ჩვენი პარტნიორების იაფფასიანი სესხების წამოღება შესაძლებელია საბანკო სექტორის გავლით, ისე, რომ ეს არ იყოს ვალის ფორმატში აღებული სახელმწიფოს მხრიდან, შემდეგ კი- საბანკო სექტორიდან 1-1.5 % სესხების მიცემა კერძო სექტორისთვის, რათა მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი. რუსთავის მერობის კანდიდატი პარტიიდან “საქართველოსთვის”

ლილუაშვილის განცხადებით, რუსთავში არსებობს წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემების პრობლემა, ასევე პრობლემურია სოკოს საწარმოს საკითხიც, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში უნდა გადავიდეს.

“რუსთავში არსებობს გაბატონებული ქარების მიმართულება, რომელიც მიმართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. ქალაქის აშენებისას ამიტომაც შეიქმნა აღმოსავლეთ ნაწილში ინდუსტრიული ზონა.

როდესაც სოკოს საწარმოს განათავსებინებ ინვესტორს ისეთ ადგილას, სადაც ახლაა, არის ეკოლოგიური პრობლემა [რადგან წარმოებისას დაგროვილი აირები ქარს დასახლებულ ადგილას გადააქვს], ამიტომ საჭიროა მისი გადატანა ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება უსიამოვნო სუნის პრობლემა”, – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ქალაქში მწვანე სივრცეების გაზრდისთვის საჭიროა ძველ და ახალ რუსთავს შორის მდებარე ტყე-ჭალის რეაბილიტაცია და იაღლუჯის მთის გამწვანება.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა კონკრეტული სარეკრეაციო-გასართობი სივრცეების მოსაწყობად”, – განუცხადა ნეტგაზეთს ბექა ლილუაშვილმა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მაშინ, როდესაც პარტიის ცალკეული წევრები წარსულში წარმოადგენდნენ ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებას, რა გაკეთდა იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრილიყო, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ რუსთავში გაუმჯობესდა უამრავი საკითხი, მათ შორის, პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ჩარჩო.

“ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მე როდესაც, ბიუჯეტს განვიხილავდი, როგორც პრემიერის მრჩეველი, იქ შეუძლებელია ყველა თვითმმართველი ქალაქის დონზე დეტალებში შეხვიდე, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა ბიზნესთან.

როდესაც აქ ჩამოვედი, დავინახე, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი ჩაიყრება წყალში, თუ ადგილობრივი ბიუროკრატია არ დაიცალა კერძო სექტორის მიმართ ვალდებულებებისგან.

ამ ვალდებულებებისგან დაცლა შეუძლებელია, თუ თვითონ ეს ბიუროკრატია არ შეიცვალა იმ ადამიანებით, რომელთაც ბიზნესთან არანაირი ვალდებულებები არ გააჩნიათ და ითვალისწინებენ რუსთაველი ხალხის ინტერესებს”, – აცხადებს ლილუაშვილი.

“საჭიროა პოლიტიკური ნება” – დავით კირკიტაძე

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ქალაქში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც არ არსებობს.

“პოლიტიკური ნება იმიტომ არ აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ რუსთავში მთავარი დამაბინძურებელი არის “ჰაიდელბერგცემენტის” ქარხანა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის”, – ამბობს კირიკიტაძე.

მისივე თქმით, დაბინძურების მეორე დიდი წყარო არის ტელეკომპანია იმედის მესაკუთრისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერის, ირაკლი რუხაძის მეტალურგიული ქარხანა.

“როცა ამას ხედავენ პატარა საწარმოები, რომ ეს ქარხნები არ არიან სტანდარტებში მოქცეულნი, რაც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, თვითონაც იმავეს აკეთებენ.

პოლიტიკური ნებაა საჭირო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ოცნებიდან უხერხემლოები არიან და ვერ უბედავენ მათ პარტიულ ბოსებს, მოუწოდონ იმისკენ, რომ ფილტრებია საჭირო” , – აცხადებს დავით კირკიტაძე.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და რუსთავის ფოლადის მესაკუთრეები და მმართველები
,არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თანახმად,  2017 წელს “თანაინვესტირების ფონდმა” და “ჰანიველ პარტნერსმა” ერთობლივად შეიძინეს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” 50-%-იანი წილი. ირაკლი რუხაძეა”ჰანიველ პარტნერსის” პარტნიორი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი – თანაინვესტირების ფონდის.

ამჟამად მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად, რუსთავში მდებარე ცემენტის ორი ქარხნის მესაკუთრის, “შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” 100 %-იანი წილის მფლობელი  არის “კავკასუსცემენტ ჰოლდინგ ბი.ვი., რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო ირაკლი რუხაძე.

არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად, რუსთავში მეტალურგიული ქარხნის მფლობელი კომპანიის, “შპს რუსთავის ფოლადის” 100 %-იანი წილის მფლობელი არის “ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი.”, რომელიც რეგისტრირებულია ნიდერლანდებში.

“ლიბერთი ბანკის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “რუსთავის ფოლადს”, ისევე როგორც “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას”, “ჰანიველ პარტრნერსი” მართავს.

მისი განცხადებით, პრობლემის მოგვარება მარტივია, რასაც ის შეძლებს, რადგან იქნება ხალხის მიერ არჩეული და არ იქნება საწარმოების მფლობელებთან პასუხისმგებელი.

“მე, როგორც არჩეული მერი, პასუხისმგებელი ვიქნები ამომრჩევლებთან და არა ამ პერსონებთან და ბიძინა ივანიშვილთან.

პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება არის უმარტივესი. ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო. ყველა საწარმომ უნდა გამოიყენოს ფილტრები. ამაში სახელმწიფო სახსრები არ არის საჭირო და მწარმოებელმა თავადვე უნდა მოაგვაროს”, – აცხადებს იგი.

დავით კირკიტაძე. რუსთავის მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. 

კირკიტაძის განცხადებით, კომპანიების მიერ ფილტრების დაყენება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია და ეს მათ ფინანსურ ზარალს ან სამუშაო ადგილების გაქრობას არ გამოიწვევს.

“იმ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებიც განიცდიან, რომ ქალაქი იწამლება. უბრალოდ [ფილტრების დაყენების შემთხვევაში] ნაკლები მოგება დარჩებათ ქარხნების მენეჯერებსა და მესაკუთრეებს.

ადამიანის ჯანმრთელობა არის ყველაზე ძვირფასი, როდესაც წარმოების მენეჯერებს და მფლობელებს მილიონები მიაქვთ და მშრომელების ხელფასებამდეც კი არ მიდის ეს თანხა, კეთილი ინებონ და ეს ჰაერის დაბინძურების პრობლემა მოაგვარონ”, – განაცხადა კირკიტაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან ერთად, საჭიროა ქალაქის გამწვანება მდგრადი მეთოდებით.

“სიმწვანე საკმარისზე ნაკლებია. უნდა მოხდეს მდგრადი გამწვანება და არა ისე, როგორც ახლა ხდება, რომ ორ კვირაში დარგულ ნერგს გახმობის გამო ისევ უკან იღებენ”, – აცხადებს იგი.

დავიწყებთ კანონის აღსრულებას – თორნიკე არევაძე 

“პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატის, თორნიკე არევაძის განცხადებით, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა უკვე არსებული კანონის აღსრულება და პროფესიონალების მიერ შექმნილი გამწვანების პოლიტიკის ამუშავება.

“უპირველეს ყოვლისა, ჩემი მერობის შემთხვევაში, თუ რუსთაველები ამირჩევენ, დავიწყებთ კანონის აღსრულებას.

პარლამენტმა მიიღო კანონი [კანონქვემდებარე , რომელიც ფაქტობრივად არ სრულდება. არის აღსრულების პრობლემა. მისი აღსრულება დამოკიდებულია კეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეზე.

თუ სახელმწიფო მოხელე არ შევა კორუფციულ გარიგებაში იმ მეწარმეებთან, რომლებიც წამლავენ ქალაქს, მაშინ დამერწმუნეთ, რომ მეწარმეები იძულებულნი გახდებიან, რომ დამატებითი ფილტრები დააყენონ და ქალაქი არ მოიწამლოს”, – აცხადებს თორნიკე არევაძე.

თორნიკე არევაძე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი რუსთავის მერობის არჩევნებში

მისი თქმით, ქალაქში გამწვანებაზე დახარჯულ რესურს საბოლოოდ შედეგი არ მოაქვს.

“მეორე საკითხია გამწვანება. კარგად ვხედავთ, თუ რა თანხები გაედინება ქალაქის გამწვანებაზე, რასაც საბოლოოდ შედეგი არ მოაქვს.

აუცილებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში დასაქმდნენ პროფესიონალი აგრონომები, რომლებმაც კარგად იციან, როდის და როგორ უნდა დაირგოს ხეები.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში იმ დროს ირგვება ნერგები, როდესაც მათ გახარების ერთი პროცენტიც კი არ აქვთ. ასევე უნდა მოხდეს ნიადაგის შესწავლა, რათა ვიცოდეთ, თუ რა ხე გაიხარებს კონკრეტულ ადგილას”, – აცხადებს არევაძე ნეტგაზეთთა საუბრისას.

არევაძის განცხადებით, სამრეწველო ზონასა და დასახლებულ უბნებს შორის უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი, რათა ქალაქში მტვრის ნაწილაკები არ მოხვდეს.

ნინო ლაცაბიძე: – “ნომერ პირველ გეგმად რჩება კანონის ეფექტური აღსრულება”

მიუხედავად იმისა, რომ ნეტგაზეთს არ მიუღია პასუხები “ქართული ოცნებიდან”, პარტიის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” მიერ მოწყობილს შეხვედრაზე, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქი მიიღებს გენერალური გეგმას, რომლის თანახმადაც, სარეკრეაციო სივრცეში ნაგებობების აშენებას თავიდან აიცილებენ.

მისივე თქმით, “ნომერ პირველ გეგმად” რჩება კანონის ეფექტური აღსრულება.

“მე, როგორც მერი, აქტიურად ვიქნები ჩართული და გავაგრძელებ ისე მუშაობას, რომ თითოეული [კანონით გათვალისწინებული] ნორმა, რომელიც შედის ძალაში, მას ბიზნესი შეხვდეს კიდევ უფრო მომზადებული”, – განაცხადა ლაცაბიძემ შეხვედრისას.

ნინო ლაცაბიძე – “ქართული ოცნების” კანდიდატი რუსთავის მერობის არჩევნებში

მისივე თქმით, ქალაქში მოეწყობა ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა, რომელიც გააიაფებს ხე-მცენარეების მოვლას და ხელს შეუწყობს ახალი სარეკრეაციო სივრცეების გაჩენას.

ქართული ოცნების კანდიდატის განცხადებით, “ხე-მცენარეთა მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტი, რისთვისაც შეიძენენ 10 ერთეულ სპეც-ტექნიკას” და შეიქმნება გამწვანების სამსახური, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის მწვანე პოლიტიკას.

“უფრო კონკრეტული გეგმებია საჭირო”

“გავიგუდეთ”, – ასე ჰქვია რუსთავში დაფუძნებულ სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც იბრძვის ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის, მათ შორის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, თიკო მაღედანის განცხადებით, მერობის კანდიდატების მხრიდან მოსახლეობა უფრო მეტ კონკრეტიკას მოელის იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ ისინი პრობლემის მოგვარებას.

“9 სექტემბერს გვქონდა ინტერვიუ მერობის კანდიდატებთან, რომლის მიზანიც იყო, რომ მოსახლეობას გაეგო, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ ისინი მერობის შემთხვევაში.

შეხვედრის ბოლოს, ძირითადი კომენტარი მოსახლეობის მხრიდან იყო, რომ მათვის ნათელი არ იყო, თუ კონკრეტულად რის განხორციელებას აპირებდნენ მერობის კანდიდატები პრობლემების მოსაგვარებლად.

მოსახლეობა უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვს. ვფიქრობ, რომ უფრო დეტალური გეგმებია კანდიდატების მხრიდან საჭირო, რათა გავიგოთ, თუ რა ბერკეტები ექნებათ მერს, რათა გამოსწორდეს ადგილზე ვითარება”, – უთხრა თიკო მაღედანმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, მერობის კანდიდატებთან შეხვედრაზე გახმიანებულუ დაპირებების შესრულების კუთხით რეალურია, თუმცა მათი აღსრულება დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე.


ქალაქი, სადაც წელიწადის 273 დღის განმავლობაში სუნთქვა სახიფათოა

მასალების გადაბეჭდვის წესი