ახალი ამბები

ყვარელში საქართველოს ბანკში შეჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

11 სექტემბერი, 2021 • 757
ყვარელში საქართველოს ბანკში შეჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

მთავარმა პროკურატურამ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალი მოიცავს ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა.

შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.

თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა, შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები”, — დასძენს უწყება.

შსს-ს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა. ის ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, — აღნიშნავს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი