საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს კორონავირუსის ინფექციის მართვის პროცესში ჩართული ორი კლინიკის შემთხვევას.
მისივე თქმით, ინსპექცია დამატებით 111 შეისწავლის კლინიკასაც.
“ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია სწავლობს ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის შემოსული განცხადება. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შეისწავლის შრომის ინსპექცია, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რათა სრულად იყოს დაცული ანაზღაურების კომპონენტი და იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც სამედიცინო პერსონალს მიადგა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ თავი შეიკავა კონკრეტული კლინიკების დასახელებიდან.