ახალი ამბები

“მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით” — გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატი

8 სექტემბერი, 2021 • 1450
“მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით” — გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატი

პარტიის “საქართველოსთვის” ხაშურის მერობის კანდიდატი ზვიად ტეფნაძე “ქართულ ოცნებას” მუქარაში ადანაშაულებს.

“დღეს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კადრულობენ იმას, რასაც 2012 წელს უარი ვუთხარით საქართველოს მოქალაქეებმა. „ქართული ოცნებაც“ უმძიმეს მეთოდებს იყენებს ჩვენს, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების, მხარდამჭერების მიმართ. მე, პარტიის „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან (ქუჩიდან) ზეწოლით და პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების და დის ოჯახის გამწარებით, სიცოცხლის მოსპობით”, — წერს ტეფნაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მუდამ თან დაჰყვება 2-3 მანქანა და უთვალთვალებენ.

“სისრულეში რომ მოჰყავთ ეს მუქარები, ყველამ ვნახეთ, როდესაც ჩვენი გუნდის წევრს, აკაკი ბართაიას დღისით, მზისით, ხაშურისკენ მომავალს, მანქანაში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. იცოდეთ, ვერ გამაჩერებთ, ცხოვრებაში არ დამიხევია უკან და ყველაზე მძიმე სირთულეებიც კი არასოდეს გამხდარა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით, ამით მე უფრო მეტი ძალა და ჟინი მიჩნდება, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული და გავიმარჯვო, იმისთვის, რომ აღარასოდეს დავუშვა მსგავსი ფაქტები ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ”, — აცხადებს იგი.

ნეტგაზეთი ცდილობს ტეფნაძის მიერ გაკეთებული განცხაადების თაობაზე შსს-ს კომენტარის მოპოვებას.

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მის ათობით წარმომადგენელზე “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ზეწოლა მიმდინარეობს. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ზეწოლის და მუქარის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს პარტიის მაჟორიტარობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა, რის შემდეგაც უმეტესობამ ყოფილი პრემიერის პარტიასთან კომუნიკაცია სრულად შეწყვიტა. მეზვრიშვილმა მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაასახელა, მათ შორის, თქვა, რომ პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ლაგოდეხის, ახმეტის, ყაზბეგის, ხულოს, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, გუდაურის, ახალციხის, კობის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლება გახარიას თანაგუნდელებს კანდიდატურების მოხსნას აიძულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი