ახალი ამბები

მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლება გახარიას თანაგუნდელებს კანდიდატურების მოხსნას აიძულებს

7 სექტემბერი, 2021 • 1540
მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლება გახარიას თანაგუნდელებს კანდიდატურების მოხსნას აიძულებს

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მის ათობით წარმომადგენელზე “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ზეწოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 7 სექტემბერს ისაუბრა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ზეწოლის და მუქარის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს პარტიის მაჟორიტარობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა, რის შემდეგაც უმეტესობამ ყოფილი პრემიერის პარტიასთან კომუნიკაცია სრულად შეწყვიტა.

მეზვრიშვილმა მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაასახელა, მათ შორის, თქვა, რომ პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ლაგოდეხის, ახმეტის, ყაზბეგის, ხულოს, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, გუდაურის, ახალციხის, კობის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

მეზვრიშვილის თქმით, ამ ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დახმარებით, გარკვეულ შემთხვევებში, მათ ემუქრებიან დაკავებით ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მეზვრიშვილის კომენტარს და მის მიერ დასახელებულ იმ ადამიანების სიას, ვინც, მისი თქმით, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ან მიიღო მუქარა, რათა კანდიდატურა მოეხსნა:

“ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწიმის მაჟორიტარობის კანდიდატი, აკაკი ლობჟანიძე, რომელიც ყვარელში წარდგენის ცერემონიაზე მიდიოდა, უბრალოდ გაქრა, გაუჩინარდა გზიდან და დღემდე ვერ შევძელით ამ ადამიანთან კონტაქტის დამყარება. ანუ ადამიანი, რომელიც დილით დაუკავშირდა პარტიის წარმომადგენლებს და გიორგი გახარიასთან ერთად უნდა ყოფილიყო ღონისძიებაზე, გაქრა.

6 სექტემბერს ყვარლის შტაბის უფროსს, ლაშა ალადოშვილს, რომელსაც მანამდე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, მანქანის საბურავზე ექვსივე სამაგრი დაუშვეს და ეს ადამიანი პრაქტიკულად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ახმეტის საკრებულოს პარტიული სიის მეჩვიდმეტე ნომერმა, ცეზარ მოსახლიშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამ ადამიანს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნათელა ავსაჯანიშვილმა მოხსნა კანდიდატურა. ზეწოლა განხორციელდა ქალბატონი ნათელას შვილზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა, ლელა მოჯარაიძემ კანდიდატურა მოხსნა. ფაქტობრივად, ძმის მეშვეობით განახორციელეს ე.წ. შემოთვლა. ძმა მუშაობს დაცვის სამსახურში.

კობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მზია ჩქარეულმა მოხსნა კანდიდატურა. მუქარა აქაც განხორციელდა ძმის მეშვეობით, რომლის შვილებიც სისხლის სამართლის საქმეზე გირაოშეფარდებული პირები არიან. გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც განრიდება გაუფორმეს ადამიანს იმის სანაცვლოდ, რომ მოეხსნა კანდიდატურა ან შეეწყვიტა პარტიული საქმიანობა.

სამსახურიდან გაუშვეს ასევე ლანჩხუთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის, გენო შარაბიძის მამა, პოლიციის თანამშრომელი, დავით შარაბიძე, მხოლოდ და მხოლოდ შვილის პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე.

7 სექტემბერს ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძეში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ომარ აბაშიძემ. ზოგადად, აქ მინდა გითხრათ, რომ სუს-ის ადგილობრივი ხელმძღვანელის, თემურ აბაშიძის მიერ ძალიან აქტიურად ხორციელდება ამ რეგიონში პოლიტიკური ნიშნით ჩვენი კანდიდატების და რაიმე ფორმით პარტიასთან აფილირებული პირების დევნა.

ფოთში გვაქვს ძალიან საინტერესო შემთხვევა, საკრებულოს და მერის მოადგილეები საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს იბარებენ და გარეთ ატოვებინებენ ტელეფონს, რომ ჩაწერა არ განხორციელდეს და ეუბნებიან, რომ საარჩევნო უბნებზე, ბიულეტენებზე როდესაც მისცემენ ხმას, გააკონტროლებენ ამ ყველაფერს და ავალებენ საჯარო მოხელეებს, რომ გადაიღონ ასლები და შემდეგ მიუტანონ ამ ადამიანებს.

რამაზ მხევაძე, რომელიც ხელვაჩაურის პარტიული სიის პირველი ნომერი გახლავთ, რომელიც ეწევა ბიზნესსაქმიანობას, მასზე უკვე მეორედ ხორციელდება, ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს ამ ადამიანის წინააღმდეგ. ხაზგასმით აღვნიშნავ, დაკავების რისკის ქვეშ არის დღეს ეს ადამიანი, კომპანიებში შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურები არიან შესული.

ხაშურის მერობის კანდიდატს, ზვიად სტეფნაძეს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ზეწოლა და მუქარა, პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება ამ ადამიანის კანდიდატურის მოხსნის მიზნით, ჯერჯერობით, კანდიდატურა არ მოუხსნია.

მე დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო, გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი ღონღაძის მიმართ ხორციელდება მუქარა და ზეწოლა.

გუდაურის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ ქარჩაიძის მიმართ, გორის თეატრის დირექტორის მიმართ, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარას მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ, მარნეულის საკრებულოს პარტიული სიის მესამე ნომერი, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, მარნეულის პარტიული სიის მეხუთე ნომერი, ახალციხის საკრებულოს პარტიული სიის მეექვსე ნომერი, პაატა მანჩხაშვილი, რომელმაც ასევე მოხსნა კანდიდატურა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლის თქმით, მან უკვე მეხუთე ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა პარტიის წევრების და კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე. მეზვრიშვილმა მოუწოდა საგამოძიებო უწყებებს, რომ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი