ახალი ამბები

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მათ მხარდამჭერს იარაღი “ჩაუდეს”

18 აგვისტო, 2021 • 1766
პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მათ მხარდამჭერს იარაღი “ჩაუდეს”

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ პარტიის მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას “ქართულმა ოცნებამ” იარაღი “ჩაუდო” და დააკავა. ამის შესახებ პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ბართაია 16 აგვისტოს იმ დროს დააკავეს, როდესაც სურამში პარტიული საქმიანობისთვის მიემგზავრებოდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ბართაიას ავტომანქანა პოლიციამ მცხეთაში გააჩერა, ჩხრეკის ჩატარემადე კი გვერდზე, სხვა მანქანაში ჩასვა, რომელიც ბუჩუკურის მტკიცებით, ტაქსად შენიღბული პოლიციის მანქანა იყო. ამ დროს კი აღნიშნულ ავტომანქანასა და მის ავტომანქანას შორის ჩადგა სხვა მანქანა, რის გამოც ბართაიას საკუთარი ავტომანქანის დანახვა აღარ შეეძლო.

“…ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსისა და აკაკის მანქანას შორის იმგვარად, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და საბარგულის გახსნა მოსთხოვეს, სადაც მას სამგზავრო ჩემოდანი ედო, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. პოლიციელებმა ჩემოდანი გახსნეს და იარაღი ამოიღეს. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი ბიოლოგიური მასალის, კერძოდ ნერწყვის აღება, რა დროსაც აკაკიმ მიიღო დაზიანება. ეს ყველაფერი გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა დასჭირდათ და სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დეენემის კვალის დასატანად”, — განმარტა ბუჩუკურმა ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბართაიას ახლობლების მეშვეობით მმართველმა პარტიამ შეუთავალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა, დააკავებდნენ.

ბუჩუკურმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ აკაკი ბართაია ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია. ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

“აკაკი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლი, ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, რაც სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა. უკიდურესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს და დაიწყო სწორედ იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად ერთი-ერთში ჰგავს ნაციოანლური მოძრაობის მიერ გამოყენებულ მეთოდებს.

ალბათ ხელისუფლება ეცდება, რომ ეს გაამართლოს აკაკი ბართაიას მიმართ ჩხუბის საქმეზე შეფარდებული გირაოთი, ამ საქმეზე ჯერჯერობით განაჩენიც არ არის გამოტანილი, და ეს მის მიმართ კომპრომატად გამოიყენოს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაფარავს იმ ფაქტს, რომ აკაკი ბართაიას იარაღი “ჩაუდეს” და დააკავეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ბართაიას სასამართლო პროცესი დღეს, 18 აგვისტოს გაიმართა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესის შემდეგ ჟურნალსიტებთან კომენტარი გააკეთა ბართაიას ადვოკატმა, ზაზა დათუკიშვილმა. მისი განცხადებით, პოლიციას დაკავების მომენტში ვიდეოგადაღება არ უწარმოებია, თუმცა იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ბართაია დააკავეს, სათვალთვალო კამერებია, რომლის მასალებიც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე კი დაცვის მხარის პოზიციას “ინტერპრეტაციას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.

“ყველა საგამოძიებო მოქმედებამ გაიარა სასამართლოს კონტროლი და სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი”, — განაცხადა პროკურორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი