ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი

7 სექტემბერი, 2021 • 1331
უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. როგორც კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

კეზერაშვილის განაჩენს დაცვის მხარე სტრასბურგში გაასაჩივრებს

3 წლის შემდეგ ამ საქმეზე განხილვის განახლებას კი ადვოკატი თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს.

“ეს არის წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საქმე. ამ შემთხვევაში პროკურატურა სადავოს ხდიდა, რომ ეს წვრთნები არ ჩატარებულა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ეს წვრთნები ჩატარდა. ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ ეს წვრთნები ჩატარდა. წვრთნები არ ჩატარებულაო და თანხის მითვისებას ედავებიან.

არაერთხელ განვაცხადე, რომ თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასე ღია და აგრესიულ დაპირისპირებას დავით კეზერაშვილის მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ესაუბრებიან ისინი ფორმულას ჟურნალისტებს და ეუბნებიან, რომ ისინი მხარეები არიან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელი ან დირექტორი პასუხისგებაშია მიცემული, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს და არ სიამოვნებს ტელეკომპანია ფორმულას საინფორმაციო პოლიტიკა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მგონია, რომ ზუსტად იმიტომ მოხდა ამ საქმის თაროდან ჩამოღება და განხილვის ჩანიშვნა, რომ სურთ ერთგვარი ზეწოლა განახორციელონ თავისუფალ მედიაზე” ,- ამბობს გიორგი გელხაური.

მისი შეფასებით, საქმის პოლიტიკურ სარჩულზე ისიც მეტყველებს, რომ შალვა თადუმაძემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის წარმოებისას გენერალური პროკურორის რანგში მხარეს წარმოადგენდა, ახლა ეს საქმე ისე უნდა განიხილოს როგორც მოსამართლემ:

“მოგეხსენებათ, გენერალური პროკურორი იყო თადუმაძე მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დააყენა და დღეს როგორც უკვე მოსამართლე, ასე იხილავს ამ საკითხს. ერთი მხრივ, იყო მხარე, როგორც პროკურორი, და დღეს კი როგორც მოსამართლე, ისე იხილავს ამ საქმეს – ეს ნათლად ცხადყოფს, რომ არა მართლმსაჯულების მიზნებისთვის ხდება ამ საქმის წარმოება, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ პრობლემა შეუქმნან თავისუფალ და კრიტიკულ მედიას. ინტერესთა კონფლიქტი რომ არის, ცხადია” – ამბობს გელხაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი