ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პროკურორის 3/5-ის არჩევის ნორმის გარეშე მიიღო

7 სექტემბერი, 2021 • 1071
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პროკურორის 3/5-ის არჩევის ნორმის გარეშე მიიღო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო პირველი მოსმენით, გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის ნორმის გარეშე.

ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთნხმებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ პირობაზე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 126-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 0-ის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის არჩევნებზე პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერი წესდება, ფრაქციის წევრთა რაოდენობა კი 7-დან 4-მდე მცირდება. ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება და მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი თვდაპირველად მოიცავდა გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის არჩევის წესს, რომლის თანახმადაც:

“მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი”.

თუმცა 6 სექტემბერს, პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე აპირებდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებიც თავად არიან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორები და ინიციატორები, პროკურორის არჩევის პროექტით გათვალისწინებულ წესს “აბსურდული” და “მახინჯი” უწოდეს და თქვეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება  ამ ნორის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.

“მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, საკითხი დაუბრუნდა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ყველამ ვიცით, რომ იმ შეთანხმებაში გარკვეული პუნქტების გაწერა არ იყო იმდენად გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება. საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება ის, რომ ყველა ცვლილება, განსაკუთრებით ისეთი ცვლილება, რაც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს ¾-ით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის, მეორე მხრივ, ამ ცვლილებებისთვის უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმა პარლამენტმა შეიძლება არ მიიღოს

მასალების გადაბეჭდვის წესი