ფიტნეს კლუბი “წრე” ამბობს, რომ 4 სექტემბრიდან დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს მიიღებს, რომლებიც ორჯერ იქნებიან აცრილნი ან წარმოადგენენ ანტიგენის/PCR ტესტის უარყოფით შედეგს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ადმინისტრაცია დასძენს, რომ ფიტნეს კლუბის მთელი გუნდი უკვე აცრილია.
“ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე!” — ამბობს “წრე”.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი განცხადება გაავრცელა რესტორანმა “შავი ლომი”. ჯერ კიდევ ივლისში მიმართა საზოგადოებას ბარმა “ამბავი” და ასევე თქვა, რომ აუცრელ კლიენტებს არ მოემსახურება.
4 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 83 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 285 742 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 29.1%. სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 15.9%.