ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | , , , ,

ურთიერთობები ერევანსა და ანკარას შორის – რას უნდა ველოდოთ

7 სექტემბერი, 2021 | | 1282
ურთიერთობები ერევანსა და ანკარას შორის – რას უნდა ველოდოთ

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, მიუხედავად წარსული მცდელობებისა, ოფიციალურ დონეზე კვლავაც არ არსებობს. ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომის დაწყებიდან თითქმის 11 თვის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ დაიფ ერდოღანმა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების შესახებ ისაუბრეს.

რა მიზეზები აფერხებს ორ მეზობელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ამ მიმართულებით და რა გავლენა ექნება სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ამ ორ ქვეყანაზე ან რეგიონზე?

ქართველი და სომეხი ექსპერტების ნაწილის განცხადებით, არსებული სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვის შემთხვევაში, თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის, როგორც რეგიონის სტაბილურობაზე.

რა განაცხადეს ერდოღანმა და ფაშინიანმა 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს, მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული საჯარო პოზიტიური სიგნალები თურქეთის მხრიდან.

მისი განცხადებით, სომხური მხარე შეაფასებს მომდინარე სიგნალებს და თავადაც პოზიტიური სიგნალებითვე უპასუხებს.

მანამდე, 26 აგვისტოს, თურქეთის პრეზეიდენტმა რეჯეფ დაიფ ერდოღანმა ანკარაში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “თუ სომხეთი გადადგამდა პოზიტიურ ნაბიჯებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, თურქეთი მზად იყო ადეკვატურად ეპასუხა”.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში თურქეთი გადადგამდა ყველა საჭირო ნაბიჯს.

მოგვიანებით, 27 აგვისტოს, თურქულ მედიასაშუალება NTV Haber-თან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების თანდათანობით აღდგენისთვის, თუმცა ამისთვის, ერდოღანის თანახმად, საჭიროა, რომ ურთიერთობები განვითარდეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.

ერდოღანმა სომხეთთან ურთიერთობების განვითარებისას საუბრისას ახსენა ე.წ. “ექვსეულის პლატფორმაც”, იგივე “3+3”, რომელიც რუსეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პლატფორმას მოიაზრებს.

  • “3+3 ფორმატის” შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალა აქ.

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზებაზე და ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვი ყოველთვის და კვლავაც მხარს უჭერს ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა “ციურიხის პროტოკოლის” შესახებ და განაცხადა, რომ მისი გაფორმება რუსეთის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

2008 წელს ერევანში სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, რომელსაც დაესწრო თურქეთის იმდროინდელი პრეზიდენტი აბდულა გიული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თურქი ლიდერი სომხეთში ჩავიდა. მოვლენა ისტორიაში შესულია “საფეხბურთო დიპლომატიის სახელით”. მატჩი წინ უსწრებდა ციურიხის პროტოკოლის ხელმოწერას. 

ციურიხის პროტოკოლს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი 2009 წელს მოაწერეს, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა არცერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ და საბოლოოდ ძალა დაკარგა. პროტოკოლი მიზნად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავდა. ის შედგა საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის შუამავლობით და არ მოიცავდა ჩანაწერს ყარაბაღის ომის შესახებ.

წინააღმდეგობები სომხურ და თურქულ საზოგადოებაში

თურქეთის მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, შესაძლოა, ურთიერთობების დასტაბილურებას ორივე ქვეყნის საზოგადოებაში სხვადასხვა მიზეზის გამო წინააღმდეგობა შეხვდეს.

“ორივე ქვეყანაში არის ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც არ არის მოსალოდნელი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციას წინააღმდეგობა მოჰყვება.

ერდოღანი კვლავ არის დამოკიდებული ულტრანაციონალისტურ პარტიაზე და მის ამომრჩეველზე, ამდენად, რთული იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სომხების მხრიდან კი გასათვალისწინებელია ის, რომ სომხების გენოციდის საკითხი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კვლავ მძიმედ დგას ნაციონალისტური განწყობები.

ასევე, სიმბოლურია სომეხთა გენოციდის საკითხი. სომხურ საზოგადოებაში გენოციდის აღიარება ითვლება სამომავლო ურთიერთობების განვითარების წინაპირობად, თურქულში კი – პირიქით, გენოციდის აღიარების მოთხოვნის გაუქმება”, – განუცხადა სანდრო ბაკურაძემ ნეტგაზეთს.

ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ხალხის გენოციდის/ხოცვა-ჟლეტისა და უახლესი აღიარების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: “რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება”

სანდრო ბაკურაძე – თურქეთის მკვლევარი

სანდრო ბაკურაძის განცხადებით, ფაშინიანის განცხადება ე.წ. “ნიადაგის მოსინჯვის” მცდელობაა, ხოლო ერდოღანის შემთხვევაში- საერთაშორისო საზოგადოებაზე გათვლილი ნაბიჯი.

“ფაშინიანი ამ განცხადებით ცდილობს ნიადაგი მოსინჯოს ამ მხრივ, რადგან სომხეთის ეკონომიკისთვის თურქეთის საზღვრის გახსნა მეტად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება თურქეთს, ეს საერთაშორისო საზოგადოებაზე გათვლილი სტანდარტული ნაბიჯებია, რომლის განხორციელებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სარგებელს ნახავს ამისგან ერდოღანი საგარეო ასპარესზე”, – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, შესაძლოა, თურქეთს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არც უღირდეს აზერბაიჯანის ინტერესების გამო, რომელიც  ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია თურქეთში.

როგორ აღიქმება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სომხეთში 

ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი საგარეო საკითხებში და ქართულ სომხური მედიასაშუალების, “ალიქ მედიას” რედაქტორი არსენ ხარატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დამყარების მცდელობა ახალი არ არის, თუმცა მუდმივად წარუმატებლად სრულდება, რადგან თურქული მხარის მხრიდან არსებობს წინაპირობები, რომელთა შესრულებაც საჭიროა ამ ურთიერთობების დასაწყებად.

“როცა საქმე ეხება თურქეთის პრეზიდენტს [მის განცხადებებს], არაფერია ახალი მოსალოდნელი, რადგან, როგორც ჩანს, ვისმენთ იმავეს, რასაც დიდი ხანია, რომ არსებობს წინაპირობები, რომლის შესრულებაც საჭიროა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დასამყარებლად.

ოფიციალური ერევანიც იმეორებს იმავე პოზიციას, რომ სომხეთი მზადაა დაიწყოს ურთიერთობები, თუმცა, ნებისმიერი წინაპირობის გარეშე”, – განუცხადა არსენ ხარატიანმა ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, შეიძლება იყოს თუ არა ასეთი კომპრომისული წინაპირობა სომხეთის მიერ სომხეთ-თურქეთის საზღვრის აღიარება , არსენ ხარატიანი აცხადებს, რომ საჭიროა დიპლომატიურ დონეზე საუბრის დაწყება, რათა მსგავს საკითხებზე დიალოგი დაიწყოს.

“სომხეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ ორმხრივი ურთიერთობების დამყარება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადაწყდება, თუმცა ბიძგს მისცემს, რათა უფრო ადვილი გახდეს ორი ქვეყნისთვის ამ პრობლემების განხილვა.

დიპლომატიურ დონეზე საუბრის დაწყება, საელჩოების გახსნა ბიძგს მისცემს მხარეებს შორის მომავალ ნორმალიზაციას, მათ შორის დიალოგს საზღვრების შესახებ”, – აცხადებს იგი.

ხარატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დასტაბილურდება, ამას ექნება გავლენა მთლიან რეგიონზე.

“ეს, რა თქმა უნდა, იქნება შედეგის მომტანი სომხეთისთვის, თუმცა ამას ექნება უფრო დიდი გავლენა რეგიონზე, რადგან ეკონომიკური არქიტექტურა, რეგიონალური გეოპოლიტიკა შეიცვლება ახლით. არავის აქვს კონკრეტული მონაცემები, თუ როგორი იქნება ახალი ეკონომიკური მონაცემები, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ სომხეთის ბლოკადის მოხსნას ექნება პოზიტიური გავლენა ქვეყანასა და რეგიონზე”, – მიაჩნია ხარატიანს.

შესაძლო გავლენა რეგიონზე 

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი და თურქეთში ყოფილი დესპანი გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის მართლაც დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამისათვის დაიძლევა ის სირთულეები, რაც ორივე საზოგადოებაში არსებობს, ამ ყოველივეს პოზიტიური გავლენა ექნება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზეც.

“მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის დარეგულირება რეგიონში იქნება არა მხოლოდ სასარგებლო ჩვენი რეგიონული პერსპექტივებისთვის, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელიც.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთი თავს თვლიდა სრულად დამოკიდებულად რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე. მან ამ გარანტიებს შესწირა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აღმოჩნდა, რომ ეს გარანტიები არ მოქმედებს, ან არ მოქმედებს ისე, როგორც სომხეთს ეგონა.

საქართველოსთან მიმართებაში სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს. მაგალითისთვის, სომხეთისთვის, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ სივრცეებში, ეს პირდაპირ აპირისპირებს სომხეთის ინტერესებს საქართველოს ინტერესებთან და პირიქით.

მომავალში თუ არ შეიცვალა სომხეთის “მძევლობა”, მის ინტერესს ეწინააღმდეგება საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, რადგან ეს  ფიზიკურად მოჰკვეთას რუსეთის ეკონომიკურ სივრცეს და შეიძლება გამოიწვიოს სავიზო, საპასპორტო ბარიერები.

ასე რომ, რაც უფრო მეტი ინტენსივობით განვითარდება პოლიტიკური დიალოგი სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ეს უდიდესი პოზიტივი იქნება მთელი რეგიონისათვის და მათ შორის საქართველოსთვისაც”, – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი ბადრიძემ.

გიორგი ბადრიძე – საქართველოს ყოფილი დესპანი თურქეთის რესპუბლიკაში

მისი განცხადებით, რეგიონის სტაბილურობიდან მიღებული სარგებელი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ სატრანზიტო შემოსავლებით მიღებული სახსრები, რომელსაც საქართველო იღებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება სატრანზიტო ან სხვა ტიპის შემოსავლების დანაკარგების მომასწავებელი, “მოგება” უფრო მეტი იქნება რეგიონის სტაბილურობისგან, ვიდრე ეს არის სატრანზიტო მონოპოლიისგან.

რაც უფრო მეტი არჩევანი ექნება სომხეთს და რაც უფრო მეტად დაიწყებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მეტი სტაბილურობა ექნება ჩვენს რეგიონს”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი