ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება

24 აპრილი, 2021 • 2792
რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.

“ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც დაიღუპა ოსმალეთის ეპოქაში მომხდარი სომეხთა გენოციდის დროს და კვლავ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი სისასტიკის ოდესმე განმეორება”, – აღნიშნა ბაიდენმა საკუთარ განცხადებაში.

ამერიკულ მედიაში ჯერ კიდევ ხუთშაბათს, 22 აპრილს გავრცელდა ცნობები, რომ ჯო ბაიდენი, საკუთარ განცხადებაში, სავარაუდოდ გამოიყენებდა სიტყვა გენოციდს, რასაც მისი წინამორბედი პრეზიდენტები ერიდებოდნენ და ნაცვლად ამისა, იყენებდნენ სხვადასხვა ფრაზებს, მაგალითად – “ბნელი მომენტი ისტორიაში”.

აშშ-ის პრეზიდენტის ისტორიული სიტყვის შემდეგ, ჩნდება კითხვა როგორ აღიქვამენ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას თურქეთსა და სომხეთში, ასევე რა გავლენა ექნება პრეზიდენტის ამ ნაბიჯს სომხურ-ამერიკულ და თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებზე?

სომეხი ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება “სომხეთის აგრესიისგან სამომავლოდ დაცვისთვის გადადგმული, პრევენციული ნაბიჯია”. თურქეთის ქართველი მკვლევრების შეფასებით, კი გადაწყვეტილება ამერიკასა და თურქეთს შორის კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას.

როგორ აღიქვეს ბაიდენის გადაწყვეტილება ერევანში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი ტვიტერის პოსტით გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ფაშინიანის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ყველა სომეხისთვის. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, მისი ურყევი მისწრაფება, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და უნივერსალური ღირებულებები.

ნეტგაზეთი ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს საგარეო საქმეთა საკითხებში და ქართულ-სომხური მედია საშუალების – ალიქ-მედიას რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომლის განცხადებითაც, ბაიდენის ეს ნაბიჯი სომხეთში განიხილება, როგორც სამომავლო აგრესიის შემთხვევაში სომხეთის დაცვისთვის მიმართული პრევენციული ღონისძიება.

“ჩვენ მოველით, რომ ეს სომხეთისთვის უსაფრთოხების ახალ გარანტიებს მოიტანს. ჩვენ ვართ რთულ სამეზობლოში, ჩვენ გყავს აგრესიული თურქეთი, შესაბამისად, ეს შესაძლოა ნიშნავდეს “პრევენციულ მოქმედებებს” თურქეთისგან [თურქული აგრესიისგან].

თუ ომი კვლავ მოხდება, სომხები იმედოვნებენ, რომ ეს განცხადება იმუშავებს, როგორც პრევენციული ღონისძიება, თურქეთისთვის რომ  მან აღარ გააგრძელოს თავისი აგრესიული მოქმედებები”, – განუცხადა არსენ ხარატიანმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ამ განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთს და განახორციელოს ზეწოლა თურქეთზე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბაიდენის განცხადება გავლენას სომხეთში ამჟამად მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებზე, არსენ ხარატიანი პასუხობს, რომ ამას არ ექნება ძალიან დიდი გავლენა მოკლე-ვადიან პერსპექტივაში, თუმცა ეს ქვეყნის მოსახლებაში გაზრდის ამერიკის ავტორიტეტს და ეს არის კარგი მომენტი ამერიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის.

ანკარისა და ბაქოს პოზიცია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, მას შემდეგ, რაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბაიდენი აპირებდა სომეხთა გენოციდის აღიარებს,  განაცხადა, რომ “ვაშინგტონის მიერ სომეხთა გენოციდის რაიმე ფორმით აღიარება დააზიანებდა თურქულ-ამერიკულ ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს”.

“განცხადებები, რომლებსაც არ აქვს არავითარი ლეგალური საფუძველი, ვერ იქნება რაიმე სარგებლის მომტანი, თუმცა დააზიანებს ურთიერთობებს. თუ ამერიკას სურს ურთიერთობების გაფუჭება, ეს მათი გადასაწყვეტია”, – აცხადებდა მაშინ მევლუთ ჩავუშოღლუ თურქულ მედიასთან საუბრისას.

ჯო ბაიდენის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ, მომხდარს თურქეთის პირველი დიპლომატი საკუთარი ტვიტერის თურქულ-ენოვანი პოსტით გამოეხმაურა.

“სიტყვებს არ შეუძლია შეცვალოს ან გადაწეროს ისტორია” – ასე იწყებს ჩავუშოღლუ საკუთარ პოსტს. “ჩვენ არ შეგვიძლია ვისწავლოთ ვინმესგან ჩვენი ისტორიის შესახებ. პოლიტიკური ოპორტუნიზმი არის მშვიდობისა და სამართლის უდიდესი ღალატი. ჩვენ ვგმობთ ამ განმარტებას, რომლის მთავარი მიზანიც პოპულიზმია”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ანკარას სოლიდარობა გამოუცხადა ბაქომ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეუჰუნ ბაირამოვის განცხადებით, პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება არის “ისტორიის გაყალბებისა და გადაწერის მცდელობა და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის მიუღებელი.”

ჯეიჰუნ ბაირამოვის მიხედვით, შედგა სატელეფონო საუბარი მასსა და მევლუთ ჩავუშოღლუს შორის და მან თურქ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მომხდარი შეაფასა ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, ეს არის “ისტორიული შეცდომა”.

რა გავლენას მოახდეს ბაიდენის ნაბიჯი თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებზე

არაერთი შემფასებლის აზრით, ამჟამინდელი ურთიერთობები ანკარასა და ვაშინგტონს შორის ხასიათდება, როგორც დაძაბული.

რონდელის ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, იგი მოელის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება. “რეაგირება აუცილებლად იქნება. თურქეთი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელმაც ამაზე რეაგირება არ მოახდინოს”, – აცხადებს ბატიაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას ექნება რეაქცია, ეს რეაგირება განპირობებული იქნება იმით, თუ რა ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს იგი ანკარისთვის.

“გასათვალისწინებელია ის, რომ თურქეთი არის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თურქეთი განახორციელებს, პირდაპირ კავშირში იქნება იმასთან, თუ რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ანკარისთვის”, – მიაჩნია ზურაბ ბატიაშვილს.

თურქეთის კიდევ ერთი მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, ანკარას ექნება რეაქცია, თუმცა იგი გათვლილი იქნება თურქეთის შიდა საზოგადოებაზე.

“ანკარის პოზიცია იქნება ე.წ. “whataboutism-ი”, რომ ამერიკას თავისი დანაშაულებები აქვს ჩადენილი და არ აქვს უფლება თურქეთს ასწავლოს ჭკუა.

რაც შეეხება რეალურ ნაბიჯებს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთისა და ამერიკის საგარეო ბალანსზეა დამოკიდებული, დიდი ალბათობით, ორთქლის გამოშვების შემდეგ, რაიმე რადიკალური ნაბიჯი არ იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყში დაიწყო ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია, ისინი მოსახლეობის დამშვიდებას დიდი ალბათობით ალტერნატიული გზებით შეეცდებიან, მაგალითად ქურთების წინააღმდეგ მსგავსი ოპერაციებით, მაგრამ ვაშინგტონის წინააღმდეგ, არამგონია რიტორიკის მიღმა საქმე წავიდეს.

რეალურად ნატოს შიგნით, რაიმე მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამით რუსეთმა ისარგებლოს და საკუთარი ნება თურქეთს იმაზე მეტად მოახვიოს თავს, ვიდრე ეს ერდოღანს უნდა.

მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სიმბოლური ემოციებით, თურქეთის შიდა მოსახლეობისთვის გათვლილ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ”, – განუცხადა სანდრო ბაკურაძემ ნეტგაზეთს.


ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. გენოციდს სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო. ასევე, რომის პაპი ფრანცისკე და ევროპარლამენტი.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.

საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი