ახალი ამბები

“მძიმე ბრძოლები” პანჯშირის ხეობაში თალიბანსა და წინააღმდეგობის ძალებს შორის

2 სექტემბერი, 2021 • 6301
“მძიმე ბრძოლები” პანჯშირის ხეობაში თალიბანსა და წინააღმდეგობის ძალებს შორის

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებულ თალიბანსა და ქვეყნის ჩრდილ-აღმოსავლეთით, პანჯშირის ხეობაში გამაგრებულ წინააღმდეგობის ძალებს შორის “მძიმე ბრძოლები” დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. ხეობაში ამბობენ, რომ შეტევა მოიგერიეს, თალიბანის მომხრეები კი დაჯგუფების წარმატებაზე საუბრობენ.

მოკლედ პანჯშირის წინააღმდეგობაზე

პანჯშირის პროვინციას, რომელიც ძირითადად ეთნიკური ტაჯიკებით არის დასახლებული, წინააღმდეგობის გრძელი ისტორია აქვს: რთული რელიეფით გამორჩეული ხეობა ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც თალიბანმა- 1990-იანებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას.

ახლაც პანჯშირი ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც თალიბანი ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. ადგილზე ჩამოყალიბებულია  “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”, რომელსაც სათავეში უდგას 32 წლის აჰმად მასუდი: ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი. უფროსი მასუდი, რომელიც ასევე ებრძოდა თალიბანს, ალ-კაიდას აგენტებმა მოკლეს 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე.

აგვისტოში, მას შემდეგ, რაც თალიბანი კვლავ დაბრუნდა ავღანეთის ხელისუფლებაში, პანჯშირის ხეობისკენ გაემართნენ ის ოფიციალური პირები, სამხედროები და სპეცრაზმელები, რომელთაც უარი თქვეს ისლამისტური დაჯგუფების სასარგებლოდ დანებებაზე. ასე მოიქცა, მაგალითად, ამრულა სალეჰი, რომელიც აწ უკვე ჩამოგდებული მთავრობის პირობებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

როგორ მიმდინარეობს ბრძოლა?

“ამერიკის ხმა” პირველი სექტემბრის საღამოს გამოქვეყნებულ მასალაში ციტირებს აჰმად მასუდის სპიკერს, ფაჰიმ დაშტის, რომელიც ამბობს, რომ თალიბები შეტევით ოპერაციებს აწარმოებდნენ  ხეობის ჩრდილო -აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან. დაშტის სიტყვებით, მოწინააღმდეგემ “მძიმე მარცხი განიცადა”.

“იმ რიცხვების თანახმად, რომლებიც ხელთ გვაქვს, 150 მათგანი დაიღუპა, 200-მდე დაიჭრა, 35 კი დაკავებულია. ასევე, განადგურებულია ოთხი კოლონა…” ,— დასძენს ის თალიბანის დანაკარგებზე საუბრისას.

თავის მხრივ, თალიბანის მომხრეებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს ვიდეოები, რომელთა თანახმადაც, ავტომობილების კოლონა, თალიბანის დროშებით, პანჯშირის ხეობაში შედის. ისინი ირწმუნებიან, რომ თალიბანმა დაიკავა დამატებითი ტერიტორიები, რომელთაც იქამდე წინააღმდეგობის ძალები აკონტროლებდნენ.

უშედეგო მოლაპარაკებები

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში. თალიბანის ლიდერის, ამირ ხან მუთაქის აუდიომიმართვაში ნათქვამია, რომ დაჯგუფებამ არაერთგზის სცადა, საკითხი დიალოგის გზით გადაწყვეტილიყო.

“ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ პანჯშირის წარმომადგენლებთან. ამასთან, ვართ სატელეფონო კავშირზეც. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას”, — დასძენს ის.

მუთაქიმ ხეობის მოსახლეობას მოუწოდა, დაარწმუნონ თავიანთი ლიდერები, რომ დაუშვან იარაღი და შეუერთდნენ თალიბანის მიერ გამოცხადებულ “ისლამურ საამიროს”. მისი მტკიებით, მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

პანჯშირის წინააღმდეგობის ძალები აქამდეც აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები ჰქონდათ. ახლაც, აჰმად მასუდის სპიკერმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ დიალოგი მიზნად ისახავდა ინკლუზიურ შეთანხმებას, რომელიც ყველა ავღანელისთვის იქნებოდა მისაღები და რომლის პირობებშიც გარანტირებული იქნებოდა ადამიანის უფლებები, მათ შორის, ქალთა უფლებები.

აჰმად მასუდი

“თუ მათ სურთ, გამოაცხადონ თავიანთი, არაინკლუზიური მთავრობა, ეს მათზეა დამოკიდებული. ჩვენს პოზიციაზე ეს არ იმოქმედებს”, — დასძენს ფაჰიმ დაშტი.

თალიბანი ამბობს, რომ მალე გამოაცხადებს ავღანეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას. ქაბულის დაკავების შემდეგ ისლამისტურმა დაჯგუფებამ ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბების პირობა დადო, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობები სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმების შესახებ.

წინააღმდეგობის ლიდერმა, აჰმად მასუდმა, გასულ დღეებში თქვა, რომ მზად არის როგორც დიალოგისთვის, ისე — ბრძოლისთვის. მან ქაბულის დაცემიდან მალევე გამოთქვა მზაობა, დაიცვას პანჯშირი, “როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელი ბასტიონი”.

მეორე მხრივ, მასუდმა ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგობის ძალების რესურსები ამოწურვადია და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, დაეხმარონ თალიბანთან ბრძოლაში.

თალიბანი ხელისუფლების სათავეში

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

აგვისტოში თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაიკავა. 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქაბული დაეცა, ქვეყნის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა “სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად” დატოვა.

თალიბანი აღნიშნავს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად.

თალიბანის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

ამასთან, ითქვა, რომ თალიბანმა საყოველთაო ამნისტია მთელი ავღანეთის მასშტაბით გამოაცხადა, განსაკუთრებით კი მათთვის, “ვინც ოპოზიციასთან ერთად იყო ან მხარს უჭერდა ოკუპანტებს წლების განმავლობაში და ბოლო დროს”.

დაჯგუფების თქმით, მათ მიერ გამოცხადებული “ისლამური საამირო” მხარს უჭერს ქალთა უფლებებს “შარიათის ფარგლებში” და ირწმუნება, რომ ისლამური კანონმდებლობის პირობებში, ქალებს განათლებისა და მუშაობის უფლება შეუნარჩუნდებათ.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

გარეკნის ფოტო: BBC/GETTY IMAGES

მასალების გადაბეჭდვის წესი