პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კუჭავამ დღეს ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ევროპალრამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასება სთხოვეს.
“[ვიოლა ფონ კრამონის] სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ ხელშეკრულებიდან [შარლ მიშელის დოკუემნტი] ჩვენს გასვლასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მე მასთან პირადი საუბარი მქონდა და ის ძალიან უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ საერთოდ არ მოაწერა ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამიტომ სჯობს, მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს.
არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ევრო-ატლანტიკურ გზას, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, აუცილებლად მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ელოდება ჩვენგან ყველა,” — განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა გუშინ, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო პირობები, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით.
“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მეორე ტრანშის [75 მილიონი ევრო] მისაღებად მაკროფინანსური დახმარების პირობები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა.
თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ “ტვიტერით” გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება. კერძოდ, “ოცნების” ხელისუფლებამ ევროკავშირისგან საქართველოსთვის გამოყოფილ მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე, 75 მლნ ევროზე, უარი თქვა. ამის არგუმენტად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი. ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, პირობების შესრულებლობის გამო სექტემბერში ისედაც ვერ მიიღებდა დაფინანსებას ევროკავშირისგან და სწორედ ამან გამოიწვია წინმსწრებად მათი უარი.
საქართველომ EU-ს დაასწრო უარი დახმარებაზე, რომელსაც მაინც ვერ მიიღებდა — ჩხიკვაძე