ახალი ამბები

საქართველოს სასამართლო ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოს — ღარიბაშვილი

1 სექტემბერი, 2021 • 885
საქართველოს სასამართლო ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოს — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

ღარიბაშვილის შეფასებით, ეს ბევრი სანდო ორგანიზაციის კვლევითაც დასტურდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის კვლევას გულისხმობს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას სასამართლო სისტემა ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო, “ოცნებამ” კი არაერთი რეფორმა განახორციელა მის შესაცვლელად, “რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვლადებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა”.

“ამას გარდა, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად.

ასე რომ, ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება, მე მინდა აღვნიშნო, რომ იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზე… რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, იქ ვადებიც იყო განსაზღვრული, დაახლეობით 2022 წლის მაისიც ეწერა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ — ნაცმოძრაობამ ხელი არ მოაწერა, მათ რომ მოეწერათ ჩვენ დავრჩებოდით ამ ხელშეკრულებაში, ჩვენ ამის მიუხედავად ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტარები და თქვა, რომ ისინი მისი უფროსები არ არიან და აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს.

მანამდე ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ თქვა საქართველომ 75- მილიონევროიან დახმარებაზე უარი. მისი თქმით, ეს იყო სესხი, რომლის საჭიროებაც ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ ტყუიან თუ არა ევროპარლამენტარები, როდესაც ამბობენ, რომ ეს იყო დახმარება და არა სესხი, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი — ეს ერთი, მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, ქართველ ხალხს ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების შესრულება”

მასალების გადაბეჭდვის წესი