ახალი ამბები

EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების შესრულება”

31 აგვისტო, 2021 • 3398
EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების შესრულება”

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა დღეს, 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

“საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან.

ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში, მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო.

150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარიც უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდ პანდემიის გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარეობდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი.

პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატისთვის. ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი