ახალი ამბები | , ,

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი — ღარიბაშვილი

1 სექტემბერი, 2021 | | 1258
ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტარები, ვინც აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანSზე უარის თქმისთვის, საქმის ვითარებაში კარგად არ ერკვევიან და ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ. ასევე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი “უფროსი” ქართველი ხალხია და არა — რომელიმე ევროპარლამენტარი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს, 1 სექტემბერს ისაუბრა.

მანამდე ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ 75 -მილიონევროიან დახმარებაზე უარი ქვეყანამ იმიტომ თქვა, რომ ეს იყო სესხი, რომლის საჭიროებაც ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ ტყუიან თუ არა ევროპარლამენტარები, როდესაც ამბობენ, რომ ეს იყო დახმარება და არა სესხი, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი —  ეს ერთი, მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, ქართველ ხალხს ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ კი ღარიბაშვილმა “ევროპის სახალხო პარტია” (EPP) და მისი წევრები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი სააკაშვილთან ერთად მოქმედებდნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და 2012 წლიდან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპარლამენტში, “მათ შორის- “ქართული ოცნების” თაობაზე, დამფუძნებლის, ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ.”.

“ვიცით, რომ EPP, სახალხო პარტია არის “ნაციონალური მოძრაობის” დედაპარტია, ქოლგა- პარტია, რომელიც არის მათი [ნაციონალური მოძრაობის] პარტნიორი და ამ პარტიის, გაერთიანების წევრია ნაცმოძრაობა. ისინი ტრადიციულად სოლიდარულები არიან მათ მიმართ. არ აინტერესებთ, უბრალოდ, რა ხდება რეალურად, რამდენად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. არ ჩადიან საქმის ვითარებაში, რეალურად არსში არ ერკვევიან და აკეთებენ ასეთ სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის გამო, არის საპარლამენტო ჯგუფის — “მწვანეები/თავისუფალი ევროპული ალიანსი”— წევრი და მას კავშირის არ აქვს “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) ჯგუფთან, რომელთა წევრია ენმ.

ხელისუფლებამ არ შეასრულა დახმარების პირობები – ვიოლა ფონ კრამონი

მასალების გადაბეჭდვის წესი