ახალი ამბები

სტრესი, შფოთვა, შიში: ვინ ზრუნავს პაციენტების ფსიქიკაზე COVID-19-ის დროს?

2 სექტემბერი, 2021 • 2758
სტრესი, შფოთვა, შიში: ვინ ზრუნავს პაციენტების ფსიქიკაზე COVID-19-ის დროს?

მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმის კლინიკაში 47 წლის კოვიდპაციენტმა სუიციდი სცადა. მსგავსი ინციდენტები საქართველოში აქამდეც მომხდარა. თითოეული ასეთი შემთხვევა აჩენს კითხვებს იმ ფსიქოემოციური წნეხის სიმძიმეზე, რომლის ქვეშაც ადამიანები ექცევიან ახალ კორონავირუსთან ბრძოლისას.

ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე, პანდემიის კრიზისი მოქალაქეთა ფსიქიკაზე სხვადასხვა ფორმით აისახა. ზოგიერთს თავად მოუწია ვირუსის მძიმე ფორმებთან გამკლავება, ზოგი ჩაკეტილობამ და არასტაბილურობის განცდამ გადაღალა, ზოგს კი ისე გამოეცალა ხელიდან საყვარელი ადამიანი, რომ მასთან გამომშვიდობებაც ვერ შეძლო.

ყოველივე ეს ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აუარესებს, შესაბამისი მხარდაჭერის სერვისებზე მოთხოვნას კი — ზრდის. საქართველოში არაერთი კერძო ორგანიზაცია ცდილობს, მოქალაქეები მსგავსი მომსახურებით უზრუნველყოს, თუმცა სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით სახელმწიფოც უნდა გააქტიურდეს.

“მქონდა საკმაოდ მძაფრი ჰალუცინაციები, პერიოდული გათიშვა”

თამუნა თანდაშვილი COVID-19-ით მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მეორედ დაინფიცირდა. პირველად ინფიცირებისას მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე იცოდა, რომ ვირუსი უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე და ქმნის “საკმაოდ დეპრესიულ ფონს”, რომელიც ნეგატიური ფიქრების აკვიატებითა და ხანგრძლივი მოთენთილობით ხასიათდება.

თამუნამ პირველად ინფიცირების პერიოდი სახლში გაატარა, თუმცა მეორე ჯერზე ყველაფერი გაცილებით რთულად წარიმართა. ის რეანიმაციაში მოხვდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშს თანმხლები დაავადების ფაქტორი კიდევ უფრო უმწვავებდა.

“თანმდევი დაავადება ჩემს შემთხვევაში დიაბეტი იყო და ვიცოდი ერთი შემთხვევა, რომელიც ფატალურად დამთავრდა. არ მქონდა [სხვა ადამიანის მიერ] მსგავსი მდგომარეობის დაძლევის მაგალითი. აქედან გამომდინარე, შიში და გაუგებრობა თავიდანვე იყო”, — აღნიშნავს ის.

როგორც გვიყვება, მაღალი ტემპერატურისა და ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე, შიშის განცდას მალე დაემატა მწვავე ჰალუცინაციები, რომლებიც არაერთგზის, სხვადასხვა ფორმით მეორდებოდა როგორც მისი, ისე სხვა პაციენტების შემთხვევაში:

“მეჩვენებოდა, რომ 4 წლის ბავშვი ვიყავი ბაღში და მინდოდა ჯემიანი ფუნთუშა, რომელიც მე არ მეკუთვნოდა. მერე მეჩვენებოდა, რომ ვიყავი სტუდენტი და მქონდა დედლაინები, მქონდა ვალები და ბიტკოინებით უნდა გადამეხადა… აბსოლუტურად გამოსული ვიყავი წყობიდან.

[კიდევ ერთ პაციენტს], ინეზას, ეჩვენებოდა, რომ იყო შავი პარკი და დადიოდა. ჩვენთან მკურნალობდა სასულიერო პირი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ უცნაური ჰალუცინაციები ჰქონდა.

ჩვენ გვერდზე იყო პაციენტი, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა და ქურდების შეკრებას ახსენებდა. მაშინ ბევრმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ახლა, ამ შტამით ინფიცირებისას, აქვთ ჰალუცინაციები, რაც ენცეფალიტისკენ მიდისო, როგორც სამედიცინო ენაზე აგვიხსნეს”.

თამუნა თანდაშვილი

ინფიცირებიდან პირველი 20 დღის მანძილზე, თამუნა ვერ მეტყველებდა. როგორც ჰყვება, თავდაპირველად არ სურდა, ადამიანები თავისი ამბით დაემძიმებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარებმა იმატა, გადაწყვიტა, სოციალურ ქსელში პერიოდულად დაეწერა თავისი მდგომარეობისა და იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მოქალაქეები დროულად არ აიცრებიან.

ვინ და როგორ ეხმარებოდა თამუნას და სხვა პაციენტებს დამძიმებული ფსიქოემოციური მდგომარეობის მართვაში? როგორც ამბობს, ამ კუთხით მეტად დადებითი როლი ითამაშა ახლობლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან გამხნევებამ, კომენტარების, ხელით დაწერილი წერილებისა თუ საჩუქრების ფორმით.

თამუნა თანდაშვილის თქმით, კლინიკაში არ ყოფილა სპეციალური სერვისი, რომელიც პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია მედპერსონალს ჰქონდა შეთავსებული:

“ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ასეთი ვითარებაა, მაგრამ იქ, სადაც მე მოვხვდი, ძალიან ადამიანური და გამამხნევებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. ყველა ცდილობს, რომ არ იყო შეშინებული და გვერდზე გიდგას. ტონი, მიდგომა, ლექსიკა, დამოკიდებულება… ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიმღებში, შეიძლება, იგივე სურათი არ იყოს. მაგრამ, ალბათ, გამოცდილებიდან გამომდინარეც, რეანიმაციაში ზუსტად ხვდებიან, რამხელა მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას, არამედ ადამიანის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს პაციენტებთან დამოკიდებულებას, რასაც ჰქვია საუბარი და გამხნევება”.

მეორე მხრივ, დასძენს იმასაც, რომ იყვნენ პაციენტები, რომლებიც ვერ გრძნობდნენ მხარდაჭერას გარედან — ახლობლებისგან თუ ნათესავებისგან — რაც, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ფსიქოლოგიაზე უარყოფითად აისახებოდა.

ახლა, როცა კოვიდის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის დახმარება მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის მდგომარეობის დამძიმებამდე, ისე ვირუსის გადატანის შემდეგ. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ადამიანმა იცოდეს, როგორ მართოს საკუთარი თავი, მეორე შემთხვევაში კი — მძიმე გამოცდილებისგან მიღებული ტრავმის შესამსუბუქებლად.

“თითქმის ყველა პაციენტი, ვისაც მე ვიცნობ და პოსტკოვიდურ მდგომარეობაშია, ამბობს, რომ აქვს დეპრესია. მეხსიერება გაქვს დაკარგული, რომლის აღდგენა ძალიან ნელი პროცესია. შრომისუნარიანობა გაქვს დაკარგული და ენერგია აღარ გაქვს…

მე, მაგალითად, იმდენი სიკვდილი ვნახე, არ ვიცი, ჩემს ცნობიერში ეს [როგორ დაილექება] და მომავალში როგორ აისახება. ამ ეტაპზე არ მაქვს ეს დეპრესიული განწყობა. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ”.

რას ამბობენ ისინი, ვინც დახმარებას ითხოვს

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში მუშაობა დაიწყო რამდენიმე ფსიქოლოგიურმა სერვისმა, რომელთა უმრავლესობაც კერძო ინიციატივების შედეგია.

მათ შორისაა კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი — 2 911 000 — რომელსაც ასოციაცია “ნდობა” ამუშავებს. ამ შემთხვევაში, პროცესში სახელმწიფოც არის ჩართული: კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ასოციაციასთან თანამშრომლობს.

“ნდობის” აღმასრულებელი დირექტორის, ფსიქოლოგ ნანა აღაპიშვილის თქმით, ვირუსის მძიმე ფორმით მიმდინარეობა მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაძლოა, სირთულეები COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარეობის დროსაც გაჩნდეს.

“შეიძლება, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდეს, მაგრამ მე რომ ვიცი, რა ტიპის გართულებებს იწვევს კოვიდი, რომ შეიძლება, ჩემი მდგომარეობა ისე გართულდეს, რომ დამჭირდეს ინტუბაცია და შეიძლება, საერთოდ ლეტალურ შედეგამდე მივიდე, ეს იწვევს სერიოზულ შფოთვას, სერიოზულ შიშს, ძილის დარღვევას…” ,— ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ფსიქოლოგის სიტყვებით, კოვიდ-ინფიცირებულისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ყველა ეტაპზე თანაბრად მნიშვნელოვანია. ამის მაგალითად მოჰყავს ადამიანები, რომლებიც ცხელ ხაზზე კლინიკებიდან რეკავენ:

“ისინი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ფიზიკური და ფსიქიკური ხომ განუყოფელია?  უძილობა აქვთ, შფოთვა აქვთ მომატებული, უიმედობას განიცდიან, ეშინიათ, რომ მდგომარეობა გაურთულდებათ და ა.შ.

ავადმყოფობის მდგომარეობაში ადამიანს, გარდა გასინჯვისა და სხვა პროცედურებისა, ისიც სჭირდება და სიამოვნებს, რომ დაელაპარაკო, ჰკითხო თავის ემოციებზე, ფიქრებზე…

რა თქმა უნდა, იქ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ სამედიცინო პერსონალი ახლა იმდენად დატვირთულია, ალბათ, ამისთვის [საკმარისი] დრო არ აქვთ… და ეს საჭიროებაც სახეზეა”.

ნანა აღაპიშვილი

მეორე მხრივ, ნანა აღაპიშვილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არანაკლებ სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც პანდემიის გამო ოჯახის წევრები, ახლობლები თუ ნათესავები დაკარგეს, თანაც ისე, რომ ვერც კი გამოემშვიდობნენ მათ:

“ასეთ დროს, როცა ადამიანი ვერ ახერხებს, რომ ბოლო წუთებში [საყვარელ ადამიანთან] ერთად იყოს, შორიდან მაინც დაინახოს ან ხმა გაიგოს, სახეზე გვაქვს გლოვის გართულება.

მე ვიცი უკვე ბევრი ოჯახი, რომელიც ამ მდგომარეობაშია. არსებობს კიდევ ერთი რამ: ორაზროვანი დანაკარგი. როცა ადამიანს არ უნახავს ნეშტი, უჩნდება განცდა, რომ გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალია. ასე ხშირად ხდება, მაგალითად, ომის დროს დაკარგულების შემთხვევაში.

ანუ, ადამიანებს გლოვაზე მუშაობაც შეიძლება დასჭირდეთ ასეთ სიტუაციაში, ამდენი გარდაცვლილის პირობებში. ამაზეც უნდა ვიფიქროთ”.

დისტანციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებას ტელეფონისა და ვიდეოზარის მეშვეობით მოქალაქეებს კლუბი “სინერგიაც” სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ, დარეკონ ნომრებზე: 599 807 021; 599 807 024.

ორგანიზაციას მსგავსი სერვისი პანდემიის კრიზისამდეც ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ 14-დან 25 წლამდე ადამიანებისთვის. ამჟამად ზედა ზღვარი მოხსნილია.

ქეთევამ ფილაური. ფოტო: Facebook/"ღია"-ს ფეისბუქ ლაივი

როგორც კლუბის დირექტორმა, ქეთევან ფილაურმა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, კრიზისის დაწყების შემდეგ მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა, მათი ჩივილები კი შეიცვალა:

“განსხვავებით კოვიდამდე პერიოდისაგან, წამყვანი არის ყოველდღიური რუტინის ცვლილებასთან დაკავშირებული შფოთვა, დაინფიცირების შიში, ასევე, ახლობლის დაინფიცირების შიში…

ამის თქმა არა მხოლოდ ჩვენი სერვისის მაგალითზე შემიძლია, არამედ კვლევებითაც დადასტურებულია, რომ სტრესის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს იზოლაცია და კოვიდის პრევენციის მიზნით შემოტანილი შეზღუდვები”.

ის, რომ ადამიანები ფსიქოემოციური მხარდაჭერის სერვისებით უწინდელზე მეტად დაინტერესდნენ, გარკვეულწილად ჩანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმის — “ღია” — ფეისბუქ სტატისტიკაშიც. პლატფორმა ცდილობს, საზოგადოებას მარტივი  გზით მიაწოდოს ფსიქო-საგანმანათლებლო მასალები.

“ღიას” წარმომადგენლის, თიკო ცომაიას თქმით, პანდემიის პერიოდში პლატფორმის ფეისბუქ გვერდის გამომწერთა რიცხვი 8 000-დან 48 000-მდე გაიზარდა. მისი სიტყვებით, ეს აჩვენებს, რომ ადამიანებს ინფორმაცია სჭირდებათ.

“არ იკლებს ეს ნაკადი. სულ გვწერენ, სულ სჭირდებათ რაღაც ინფორმაცია. ფსიქო-საგანმანათლებლო რესურსი თავისთავადაც თერაპიულია. ეს ინფრომაცია გეხმარება, გაერკვე, უფრო სიღრმისეული დახმარება და სპეციფიკური სერვისები ხომ არ გჭირდება.

ადამიანმა უნდა გაიგოს თავისი პრობლემის შესახებ, იდენტიფიცირება მოახდინოს.  სტიგმის გამო მათ ისიც არ იციან, რომ სერვისები საჭიროა; ასევე არ იციან, როდის უნდა გამოიყენონ ეს სერვისები. ბევრი ნიუანსია”, — აღნიშნავს თიკო ცომაია.

რას აკეთებს/უნდა აკეთებდეს სახელმწიფო

ამ კითხვის მოსმენის შემდეგ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. უწყებაში გვითხრეს, რომ ექიმები, რომლებიც პაციენტებს მკურნალობენ, გადამზადებულნი არიან იმისთვის, რომ მათ ფსიქოემოციური მხარდაჭერაც აღმოუჩინონ.

სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის პროგრამას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კერძო კლინიკა.

მათ შორისაა “ევექსის” კლინიკების ქსელი, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა, რომ აღნიშნულ პროგრამას საქართველოს რამდენიმე ქალაქში აამოქმედებს. ქსელში შემავალი “კავკასიის მედიცინის ცენტრი” კი უფასოდ სთავაზობს “თერაპევტის მომსახურებას და ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს” იმ მოქალაქეებს, რომელთაც კოვიდი გადაიტანეს.

სპეციალისტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მეტი აქვს გასაკეთებელი.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს დაფინანსებული Covid-19-ის გავრცელების დროს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი. მაგრამ, ამის გარდა, როცა რეგულაციები იხსნება, მოქალაქეებს შეუძლიათ მოძრაობა და შესაბამის დაწესებულებებშიც ვიზიტი შესაძლებელია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება პირისპირი, კომპლექსური ფსიქოკონსულტირების სერვისები, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას მოიცავს და ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრის დახმარების საჭიროებაც დგება. შეიძლება, მედიკამენტური ჩარევაც კი იყოს საჭირო ხშირ შემთხვევაში”, — აღნიშნავს ნანა აღაპიშვილი.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა მიმართ მხარდაჭერა გასაძლიერებელია უშუალოდ კლინიკაში მკურნალობის დროსაც:

“ადგილზე, შეიძლება, არა, მაგრამ დისტანციურად, სწორედ იმ ადგილებისთვის [კლინიკებისთვის], უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები. კონსულტანტ-ფსიქიატრს აუცილებლად ვთვლი.

როცა პანიკური შიში ძალიან მაღალ დონეს აღწევს, იმის დრო არ არის, რომ პაციენტს 1-საათიანი თერაპია ჩაუტარო, თუმცა მას დამშვიდება სჭირდება. ფსიქიატრის კონსულტაცია აუცილებელია, რომ რაღაც მედიკამენტური ჩარევა განხორციელდეს”.

თიკო ცომაია

თიკო ცომაიას აზრით, სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების მხარდაჭერის კუთხითაც. მისი თქმით, ძირითად შემთხვევებში, მსგავსი სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები დონორების მხარდაჭერის იმედად მუშაობენ:

“ვიღაც, ძალიან განათლებული ადამიანი რომ გააკეთებს და შექმნის, მერე, წესით და რიგით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს [დახმარების ინტერესი], უნდა აფინანსებდეს. ყოველ შემთხვევაში, რიგი ადამიანებისთვის მაინც, ვისაც არ აქვს ამის საშუალება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის ეს სერვისები. მაგალითად, ჩვენ აფხაზეთიდანაც გვირეკავდნენ ადამიანები და არ იცოდნენ, [რა ექნათ]. წამალიც არ შედიოდა კოვიდ ჩაკეტილობის დროს, როცა მოძრაობა შეზღუდული იყო”.

“სინერგიის” დირექტორს, ქეთევან ფილაურს ვკითხეთ, თუ გამოუთქვამს სახელმწიფოს სურვილი, კლუბთან რაიმე ფორმით ეთანამშრომლა. ფილაურის თქმით, აღნიშნულზე საუბარი იყო, თუმცა პროცესი შორს არ წასულა.

“ეს სერვისი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა ჯერ კიდევ კოვიდამდე. დაფუძნებისთანავე ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა. ცხადია, ეს დაფინანსება, ადრე თუ გვიან, სრულდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, გვინდოდა, მისი მდგრადობა უზრუნველგვეყო.

პანდემიის დაწყების შემდეგ, როცა მომართვიანობა 2-3-ჯერ გაგვეზარდა, კვლავ ვეცადეთ [სახელმწიფოსგან კომუნიკაციას]. ეს მცდელობები და მოლაპარაკებები დღემდე არის, თუმცა ჯერჯერობით დაფინანსება მხოლოდ დონორებისგან გვაქვს”, — დასძენს ის.

2 სექტემბრის მდგომარეობით, საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 7 300-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. თავად საავადმყოფოებიც აღიარებენ, რომ დაწესებულებები გადავსებულია, სამედიცინო პერსონალი კი — უკიდურესად დაძაბული სამუშაო რეჟიმით გადაღლილი, რადგან მათ უწყვეტ რეჟიმში უწევთ ადამიანთა სიცოხლის გადარჩენისთვის ბრძოლა.

ამის ფონზე სახელმწიფო აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც კოვიდპაციენტების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვისთვის მათი მხრიდან კეთდება, ისევ და ისევ არსებული სამედიცინო პერსონალის გადამზადებაა, რომლებმაც პაციენტების ფიზიკური მდგომაროების გარდა, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი